ფრენებში ბიუჯეტის ფულს სააკაშვილი ხარჯავდა, გამოძიება უნდა დაინტერესდეს - "ოცნების" ახალი მესიჯბოქსი

13.09.23 14:26
ფრენებში ბიუჯეტის ფულს სააკაშვილი ხარჯავდა, გამოძიება უნდა დაინტერესდეს - "ოცნების" ახალი მესიჯბოქსი

"ქართული ოცნების" ახალი მესიჯბოქსი - მმართველი პარტია პრემიერის სკანდალის შემდეგ, მესამე პრეზიდენტის საქმეზე აპელირებს. 

დედაქალაქის მერის თქმით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს მიხეილ სააკაშვილის ფრენებით. კალაძე ამტკიცებს, რომ რეისებში ბიუჯეტიდან არის დახარჯული თანხა. 

არაერთხელ გვსმენია, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, მაღალი თანამდებობის პირების ოჯახებისთვის ბიუჯეტიდან იხარჯებოდა თანხები. პირადად მიხეილ სააკაშვილი ხარჯავდა ბიუჯეტიდან თანხებს საყვარლებისთვის, შვილების სწავლის დაფინანსებისთვის, ბოლო პერიოდში კი გამოიკვეთა, რომ მის ფრენებზეც არის დახარჯული თანხა. ვფიქრობ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ამით. ყველაფერს უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პრემიერის ჩარტერულ რეისზე ჟურნალისტური გამოძიება  "შაბათის ეთერში" 9 სექტემბერს გავიდა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა 19 აგვისტოს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

პრემიერ მინისტრი ოჯახის წევრებთან ერთად სამთავრობო ბორტით გაემგზავრა მიუნხენში, შემდეგ კი აშშ-ში სხვა რეგულარული რეისით.

დადგენილია ისიც, რომ თვითმფრინავი, რეისის განხორციელების შემდეგ, საქართველოში არ დაბრუნებულა და ერთი კვირის განმავლობაში იცდიდა მიუნხენის აეროპორტში იმ მიზნით, რომ პრემიერ მინისტრის ოჯახი უკან, საქართველოში ჩამოეყვანა. რაც შეეხება სამთავრობო ბორტის ეკიპაჟის წევრებს, მოხდა მათი მიუნხენში ორჯერ ჩაყვანა და საქართველოში დაბრუნება.