"მე ვთქვი შემდეგი..."- ოდიშარია განცხადებას განმარტავს და მედიას საყვედურობს
სკანდალური განცხადების შემდეგ "ქართული ოცნების" დეპუტატს განმარტების გაკეთება მოუწია. ბექა ოდიშარია დღეს ამბობს, რომ "ვიღაცას აქვს დანაზოგი, ვიღაცას არ აქვს". ოდიშარია პრემიერის ინტერესებს დღესაც იცავს და ამბობს, რომ "მშობლების მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას არასდროს შეეგუებიან".
ოდიშარიას სამიზნე დღეს ჟურნალისტებიც გახდნენ. მედიის წარმომადგენლებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ურჩია "მრუდე სარკეში" არ ჩაიხედონ. გონებას ნუ გაიუკუღმართებთ, უთხრა მედიას ოდიშარიამ.
მე განვაცხადე შემდეგი, რომ პირველ რიგში, შეეშვით მშობლების და ოჯახების შეურაცხყოფას, ჩვენ შევეგუეთ და გვაქვს თმენის ვალდებულება, რომელიც არსად არ წერია, მაგრამ ეს ჩვენი კეთილი ნებაა და ვითმენთ შეურაცხყოფას, პასკვილებს, ათასგვარ სისულელეს, რომელსაც თქვენ გვაბრალებთ. შევეგუეთ ამას და მოგვყვებით, დინებას მივყვებით ვიდრე ვართ პოლიტიკაში. რაც შეეხება ჩვენ მშობლებს, მათდამი ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას ჩვენ არასდროს შევეგუებით, ეს იქნება პრემიერმინისტრი, ეს ვიქნები მე, თუ ეს იქნება ნებისმიერი რიგითი მოქალაქე, ეს ყველასთვის ერთნაირად მტკივნეულია, ისევე როგორც თითოეული თქვენგანისთვის. რაც მე ვთქვი, ამაზე პასუხს ვაგებ.
თუ მრუდე სარკეებში არ ჩაიხედავთ და გონებას არ გაიუკუღმართებთ ხელოვნურად, მე ვთქვი შემდეგი რამ, არიან ადამიანები ცხადია, ვიღაცას აქვს დანაზოგი, ვიღაცას არ აქვს დანაზოგი და რატომ გვიკვირს მეთქი, რომ თუ აქვს ადამიანს, მე ასე მოგახსენეთ წინა გამოსვლაში, თუ აქვს ადამიანს რაიმე დანაზოგი, იმ ადამიანს, რომელსაც არ უმუქთახორია, მთელი ცხოვრება უშრომია და ახლა დაუდგა ისეთი მომენტი, რომ შვილიშვილს, მნიშვნელოვან, გადამწყვეტ რაღაც საეტაპო პერიოდში, შვილს და შვილიშვილს გარკვეულ დაეხმაროს, რა არის ამაში გულისგასახეთქი და შესაშურითქო", - ამბობს ბექა ოდიშარია.