"ღალატს პარტიული კუთვნილება არ აქვს" - მელია ოპოზიციის გადაბირებას არ გამორიცხავს

13.09.23 15:08
"ღალატს პარტიული კუთვნილება არ აქვს" - მელია ოპოზიციის გადაბირებას არ გამორიცხავს

ნიკა მელია პრეზიდენტის გადაყენებას და ოპოზიციის გადაბირებას არ გამორიცხავს - ამის შესახებ "ნაცმოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილთან დახურულ შეხვედრაზე ისაუბრა. მელია ამბობს, რომ "ღალატს პარტიული კუთვნილება არ აქვს და "ქართულმა ოცნებამ" დეპუტატები შესაძლოა ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფიდან მოისყიდოს.

ყველა მოღალატეობრივ ნაბიჯსაც სჭირდება ფორმალური საფუძვლის მოფიქრება და მერე გახმოვანება. აქ როგორ შეიძლება უბრალოდ რამდენიმე ადამიანმა ღილაკს თითი მიაჭიროს და არ თქვას, თუ რატომ დაუჭირა მხარი "ქართულ ოცნებას". ერთადერთი საფუძველი შეიძლება გაუჩნდეთ ამ ადამიანებს, მერკანტილური და მათ პირადად უნდა თქვან, რომ მათი საბანკო ანგარიშები უბრალოდ გამდიდრდა და ასეთი შემთხვევა მე უბრალოდ გამორიცხული მაქვს. მოღალატეობრივ ქმედებას პარტიული კუთვნილება არ აქვს. მოსაზრებას, რომ ოპოზიცია სხდომათა დარბაზში კენჭისყრისას არ შევიდეს, გასააზრებლადაც კი ძალიან მძიმეა. შენ თუ ოპოზიცია გქვია და პარლამენტში ხარ წარმოდგენილი და იმდენად უნდობლობაა ერთმანეთისა, რომ სხდომათა დარბაზში იმ შიშით ვერ შედიხარ, რომ ვიღაცამ ხმა არ მისცეს "ოცნების" სასარგებლოდ, მაშინ იქ აღარ უნდა იყო". - განაცხადა მელიამ.