სკანდალური ჩარტერი - გადააყენებს თუ არა ივანიშვილი ღარიბაშვილს?

13.09.23 15:30
სკანდალური ჩარტერი - გადააყენებს თუ არა ივანიშვილი ღარიბაშვილს?

პრემიერის სკანდალური ჩარტერული რეისი და შესაძლო კორუფცია - გადააყენებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მეორედ. კითხვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს დაუსვეს. 

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პრემიერის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით "ყველაფერს პასუხი გაეცა" და მედია სპეკულაციით არის დაკავებული. 

მმართველი პარტიის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას ოლიგარქი ივანიშვილი არაფორმალურად არ მართავს. ირაკლი კობახიძეს ისრები "ნაციონალური მოძრაობისკენ" გადააქვს და ირწმუნება, რომ "ენმ"-ს არაფორმალურად დავით კეზერაშვილი მართავს.

ვერ შეინარჩუნებთ ფორმალურად რაღაც თემებს, რომლებიც არ არის შენარჩუნებადი ხომ. ეს თემა არის ჩახურული, ყველაფერს გაეცა პასუხი. ბიუჯეტიდან არცერთ თეთრი არ დახარჯულა, შესაბამისად ეს არის ყველაფერი ცარიელი სპეკულაცია. ეგეთი სპეკულაციური კითხვები დაუსვით ხაბეიშვილს და კეზერაშვილს, თქვენთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. არაფორმალური მმართველობა რის თქვენს პარტიაში, კეზერაშვილი არის არაფორმალური მმართველი და ხაბეიშვილი არის ფორმალური თავმჯდომარე. თქვენ პარტიაშია პრობლემა არაფორმალური მმართველობაა, ჩვენ არ გვაქვს ასეთი საკითხები პარტიაში", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

პრემიერის ჩარტერულ რეისზე ჟურნალისტური გამოძიება  "შაბათის ეთერში" 9 სექტემბერს გავიდა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა 19 აგვისტოს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

პრემიერ მინისტრი ოჯახის წევრებთან ერთად სამთავრობო ბორტით გაემგზავრა მიუნხენში, შემდეგ კი აშშ-ში სხვა რეგულარული რეისით.

დადგენილია ისიც, რომ თვითმფრინავი, რეისის განხორციელების შემდეგ, საქართველოში არ დაბრუნებულა და ერთი კვირის განმავლობაში იცდიდა მიუნხენის აეროპორტში იმ მიზნით, რომ პრემიერ მინისტრის ოჯახი უკან, საქართველოში ჩამოეყვანა. რაც შეეხება სამთავრობო ბორტის ეკიპაჟის წევრებს, მოხდა მათი მიუნხენში ორჯერ ჩაყვანა და საქართველოში დაბრუნება.