საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს დიდ ბრიტანეთში სატრანზიტო ვიზა დასჭირდებათ - რას ამბობს საგარეო

13.09.23 16:55
საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს დიდ ბრიტანეთში სატრანზიტო ვიზა დასჭირდებათ - რას ამბობს საგარეო

დიდმა ბრიტანეთმა შესწორება შეიტანა მიგრაციის შესახებ 2014 წლის ბრძანებაში, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს გაერთიანებულ სამეფოში სატრანზიტო ვიზა დასჭირდებათ. ცვლილება ძალაში 8 სექტემბრიდან შევიდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის გამო, გაერთიანებულ სამეფოს სატრანზიტო ვიზის რეჟიმი შემოღებული აქვს 100-ზე მეტ ქვეყანასთან. 

„დიდ ბრიტანეთში გამკაცრებული მიგრაციული პოლიტიკის გათვალისწინებით, ქვეყანამ გააძლიერა საზღვრების კონტროლი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 8 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის აეროპორტში ტრანზიტული გავლისას შემოღებულ იქნა ვიზის მიღების ვალდებულება (DATV). აღნიშნული კატეგორიის ვიზა საჭიროა მაშინ, როდესაც პირი მიემგზავრება მესამე ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში იცვლის ფრენას და არ გადის სასაზღვრო შემოწმებას.

აღსანიშნავია, რომ გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის გამო, გაერთიანებულ სამეფოს სატრანზიტო ვიზის რეჟიმი შემოღებული აქვს 100-ზე მეტ ქვეყანასთან, მათ შორის, ისეთ ქვეყნებთან, როგორებიც არის: მოლდოვა, უკრაინა, თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, მონტენეგრო, ბოსნია და სხვა“,  ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ცვლილება არ შეეხებათ საქართველოსა და რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბრიტანეთში ტრანზიტულად შევლენ მიმდინარე წლის 5 ოქტომბრამდე ან განკარგულების ძალაში შესვლამდე ჰქონდათ ჯავშანი მოგზაურობაზე.

ამასთან, ცვლილება არ შეეხებათ საქართველოს, რუსეთისა და წითელ სიაში მყოფი სხვა მრავალი ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ავსტრალიის, კანადის, ახალი ზელანდიის ან შეერთებული შტატების ვიზას ან აქვთ ევროკავშირის ქვეყნებში ბინადრობის უფლება.