დანაშაულის ნიშნები არის, გამოძიება უნდა დაიწყოს - მაია მწარიაშვილი პრემიერის სკანდალურ რეისზე
"გამოძიების დაწყების საფუძველი არსებობს" - სამთავრობო თვითმფრინავით პრემიერის არდადეგებზე წასვლის სკანდალზე "პირველებს " ექსკლუზიური ინტერვიუ თბილისის ყოფილმა პროკურორმა მისცა.
მაია მწარიაშვილი, რომელიც ამ პოსტს "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს იკავებდა, გაოგნებულია, რატომ არ იწყებს გენერალური პროკურატურა "ნოდარ მელაძის შაბათის" სიუჟეტზე გამოძიებას.
მწარიაშვილი შოთაძის უწყებას მათ მოვალეობას ახსენებს და ამბობს, რომ ისინი ვალდებულები არიან საზოგადოებაში არსებულ კითხვებს უპასუხონ.
თბილისის ყოფილი პროკურორის თქმით, მინიმუმ ორი მიმართულებით უნდა დაიწყოს ძიება: პირველი ეს არის სამოხელეო დანაშაული და მეორე, მწარიაშვილს მიაჩნია, რომ შოთაძის უწყებამ ფულის წარმომავლობაზეც უნდა დასვას კითხვები.
მეტიც, საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, მწარიაშვილის თქმით, საზოგადოების წინაშე თავად ირაკლი შოთაძე უნდა გამოვიდეს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი:
გამოძიების დაწყება ეს არ არის პროკურატურის უფლება, ეს არის ვალდებულება მაშინ, როდესაც ამბავი, ცნობა ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. გამოძიება უჯერებს მხოლოდ საკუთარ თვალებს და ყურებს და არ ეყრდნობა იმ განმარტებებს რას გააკეთებს კობახიძე, მდინარაძე და ახლა ახალი ჭკუის დამრიგებელი გამოუჩნდა პროკურატურას - ოდიშარიას კომენტარი ვნახე.
პროკურატურა ასეთ დროს ხომ ვერ იტყვის, მე მჯერა რაზეც საუბრობს კობახიძე, მე მჯერა ოდიშარია რაზეც საუბრობს ან მდინარაძე, მჯერა არ მჯერა და რწმენის საკითხი არა არის ეს.
ამიტომ ჩვენ როდესაც დანაშაულის ნიშნებზე ვსაუბრობთ და ჩვენ ვვარაუდობთ ერთი შეხედვით ან სამოხელეო დანაშაულებს ამის უკან, შესაძლოა, არაერთი პირის და არაერთი უწყების სამოხელეო დანაშაულებს და ვვარაუდობთ დაუსაბუთებელ და უკანონო ფულს. ანუ დანაშაული ნიშნები აქ არის, ახლა ამაში, რომ უნდა გაერკვეს პროკურატურა თავისით და არა კობახიძის მონაყოლით -ეს ორჯერ ორი ოთხია.
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ასე სალარო არ არსებობს, რომ მიხვიდე და ფული მიიტანო ქეშად, ამიტომ აქ გამოძიება, რომ არის ჩასატარებელი. ჩვენ პროკურატურას სხვა შემთხვევაში არ ეზარება ხოლმე ბრიფინგები. ამიტომ აქაც უნდა ეს ამბები გაარკვიოს და მერე გენერალური პროკურორის პასუხისმგებლობით ასეთი ბრიფინგი უნდა მოგვასმენინოს პროკურატურამ, რა გაარკვია აქ", - ამბობს მწარიაშვილი.
პრემიერი სკანდალურ ჩარტერთან დაკავშირებით გუშინ კომენტარი ანზორ ჩუბინიძემ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ღარიბაშვილის შთამბეჭდავი ხარჯები მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა აანაზღაურა.
პრემიერის ჩარტერულ რეისზე ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერში" 9 სექტემბერს გავიდა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა 19 აგვისტოს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
პრემიერ მინისტრი ოჯახის წევრებთან ერთად სამთავრობო ბორტით გაემგზავრა მიუნხენში, შემდეგ კი აშშ-ში სხვა რეგულარული რეისით.
დადგენილია ისიც, რომ თვითმფრინავი, რეისის განხორციელების შემდეგ, საქართველოში არ დაბრუნებულა და ერთი კვირის განმავლობაში იცდიდა მიუნხენის აეროპორტში იმ მიზნით, რომ პრემიერ მინისტრის ოჯახი უკან, საქართველოში ჩამოეყვანა. რაც შეეხება სამთავრობო ბორტის ეკიპაჟის წევრებს, მოხდა მათი მიუნხენში ორჯერ ჩაყვანა და საქართველოში დაბრუნება.