გამოძიებამ პრემიერის მამის ფულის წარმომავლობა უნდა დაადგინოს - მაია მწარიაშვილი

13.09.23 17:31
გამოძიებამ პრემიერის მამის ფულის წარმომავლობა უნდა დაადგინოს - მაია მწარიაშვილი

პრემიერის სკანდალური ჩარტერი - მაია მწარიაშვილი, რომელიც  თბილისის პროკურორის პოსტს "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს იკავებდა, "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ  საგამოძიებო უწყება ირაკლი ღარიბაშვილის მამის ფულის წარმომავლობა უნდა დაადგინოს.

ყოფილი პროკურორის თქმით, მართალია, ტარიელ ღარიბაშვილს დეკლარაციის შევსების ვალდებულება არ აქვს, თუმცა გენერალურ პროკურორს ახსენებს, რომ პრემიერის მამას შემოსავლების დადასტურება ევალება.

რაც შეეხება ანზორ ჩუბინიძის განცხადებას, მწარიაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს  სისხლის სამართლებრივი წესით მოუწევს პასუხისმგებლობის აღება. 

პრემიერის მამას აქვს შემოსავლების დასაბუთების ვალდებულება იმიტომ, რომ სისხლის სამართლებრივად ჩვენ ვდევნით უკანონ და დაუსაბუთებელ ქონებას, ამას დეკლარირების ვალდებულებასთან საერთო არაფერი არ აქვს, თანამდებობის პირი რას დაადეკლარირებს და რას არა. ყველა შემთხვევაში ნებისმიერი პირი, რომელსაც რაღაც ქონება, ფული, უძრავი ქონება, მოძრავი გააჩნია მას აქვს ამის დასაბუთების იმიტომ, რომ ისჯება ნებისმიერი დაუსაბუთებელი და უკანონო ქონება, აბა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია სხვა არაფერი არ არის.

კომპანიის შემოსავლები კიდევაც, რომ ჰქონდეს, პირდაპირ ვერ ტრანსფორმირდება მისი მესაკუთრის ქონებასთან, ყველა თეთრი აღრიცხულია, ამიტომ მას აქვს ყველა თეთრის დასაბუთების ვალდებულება. ეს ასეთი ადვილი არ იქნება, მერწმუნეთ, გამოძიების შემთხვევაში და ჩუბინიძის განცხადება ამას არ ეყოფა არცერთ შემთხვევაში, ეჭვი მაქვს დადგება დღე, როდესაც ჩუბინიძე ინანებს ამ განცხადებას. სისხლის სამართლებრივი წესით მოუწევს პასუხისმგებლობა არავინ არ იცის", - ამბობს მწარიაშვილი.

პრემიერი სკანდალურ ჩარტერთან დაკავშირებით გუშინ კომენტარი ანზორ ჩუბინიძემ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ღარიბაშვილის შთამბეჭდავი ხარჯები მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა აანაზღაურა.  

პრემიერის ჩარტერულ რეისზე ჟურნალისტური გამოძიება  "შაბათის ეთერში" 9 სექტემბერს გავიდა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა 19 აგვისტოს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

პრემიერ მინისტრი ოჯახის წევრებთან ერთად სამთავრობო ბორტით გაემგზავრა მიუნხენში, შემდეგ კი აშშ-ში სხვა რეგულარული რეისით.

დადგენილია ისიც, რომ თვითმფრინავი, რეისის განხორციელების შემდეგ, საქართველოში არ დაბრუნებულა და ერთი კვირის განმავლობაში იცდიდა მიუნხენის აეროპორტში იმ მიზნით, რომ პრემიერ მინისტრის ოჯახი უკან, საქართველოში ჩამოეყვანა. რაც შეეხება სამთავრობო ბორტის ეკიპაჟის წევრებს, მოხდა მათი მიუნხენში ორჯერ ჩაყვანა და საქართველოში დაბრუნება.