ვინც პარტიიდან გავა, ყველა განულდება - ბარამიძე მელიას პასუხობს
ენმ-ში ნიკა მელიას ურჩევენ, რომ თუკი ისევ აპირებს "ოცნების" საამებელი განცხადებების გაკეთებას, მაშინ ჯობია პარტია დატოვოს.
გია ბარამიძემ ყოფილ თავმჯდომარეს პასუხობს და ამბობს, რომ ნიკა მელიას სააკაშვილის წერილისთვის სადღეგრძელო არ უნდა ეწოდებინა. მისი თქმით, სწორედ სადღეგრძელოს დროს ამბობენ ადამიანები იმასაც, რასაც ნამდვილად ფიქრობენ.
ბარამიძემ ასევე ისაუბრა ნიკა მელიას პარტიიდან წასვლაზეც და თქვა, რომ თუ ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე "ნაციონალურ მოძრაობას" დატოვებს, ის განულდება.
ნებით თუ უნებლიეთ ქოცების წისქვილზე წყლის დასხმა არის აბსოლუტურად მიუღებელი. თუ ვინმე ამას აპირებს, ჯობია, რომ თვითონ გავიდნენ პარტიიდან და თავის გზას მიხედონ. ვინც გავა, ყველა განულდება. არ აქვს მნიშვნელობა სახელ და გვარს, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობიდან თავის დროზე, 2012 წელს რამდენიმე წყებად გავიდა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები და ფაქტობრივად ყველამ ეს ფიასკო განიცადა. ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობას არავინ არ გაუყრია და ეს არის ტყუილი. ასეთი ტყუილი არ უნდა იკადროს არავინ. ქართული ტრადიციით, კაცი ყოველთვის იმას ლაპარაკობს სადღეგრძელოში, რასაც ფიქრობს გულით და ეს ერთგვარი ლოცვაც არის, ამიტომ, ამ თვალსაზრისითაც რაღაცა დამცინავად თქმა იმისა, რომ თითქოს ეს მხოლოდ სადღეგრძელოა, არაფერი ამაში სერიოზული არაა, რაც უნდა გავითვალისწინოთ, ძალიან სამწუხაროა და ნიკა ეს არ უნდა ეკადრა და არავინ არ უნდა იკადროს, რომ აბუჩად აიგდოს პრეზიდენტ სააკაშვილი სიტყვები". - აცხადებს გია ბარამიძე.