ნეტა, იმ საქართველოს მომასწრო, სადაც ყველა პენსიონერი ბაბუა ამერიკაში გაუშვებს თვითმფრინავით შვილიშვილს - ელისაშვილი
ნეტა იმ საქართველოს მომასწრო, სადაც ყველა პენსიონერი ბაბუას 35 ათასი ევრო ექნება და ამერიკაში გაუშვებს თვითმფრინავით შვილიშვილს - ასე ეხმაურება ღარიბაშვილის ჩარტერს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
ელისაშვილს არ სჯერა, რომ პრემიერის მამას ამდენი ფული ჰქონდა.
ოპოზიციონერი ამბობს, რომ პრემიერის იმპიჩმენტის პროცესს არანაირი აზრი არ აქვს, რადგან პარლამენტში ამისთვის 76 ხმაა საჭირო, ოპოზიციონერი დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში კი მხოლოდ 50-ია. ამიტომ, ვერ ხვდება, თუ როგორ შეიძლება გადაიბიროს 26 ხმა ოპოზიციამ.
76 დეპუტატის ხმა სჭირდება იმას, რომ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტი გავიდეს. 50 ოპოზიციონერი როცა ვართ 76 ხმა საიდან უნდა მოვიტანოთ? ჩვენც ხომ სახელისუფლებო პარტია არ ვართ, რომ ვიღაცებს დაპირებები დავუწყოთ, შენ ამას მოგცემ, შენ იმას? იქ დაგნიშნავ და ა.შ. რას უნდა დაჰპირდეს ოპოზიცია მმართველ პარტიას? "ოცნებიდან" 26 ადამიანი საკუთარი პრემიერის იმპიჩმენტს ხმას მისცემს? ეს ხომ ელემენტარული მათემატიკაა. კი ბატონო არ უნდა მაყარო თვალებში ნაცარი და არ უნდა მიმტკიცო, რომ პენსიონერ მამას 35 ათას ევრომდე ჰქონია? ნეტა იმ საქართველოს მომასწრო, სადაც ყველა პენსიონერი ბაბუა 35 ათას ევროდ ასეირნებს და ამერიკაში გაუშვებს თვითმფრინავით შვილიშვილს. არც მუთაქებში ჩატენილი 35 ათასი ევრო გვაქვს და არც ტენდერიდან გადაღუნული ფულები. მამაჩემს ვინც იცნობს, დღე და ღამე მუშაობდა, მაგრამ ფული ვერ უშოვია. "ლელოს" ინიციატივას რაც შეეხება, როცა იცი, რომ წინასწარ წაგებული პროცესია, ჯობია, რომ დავიბაროთ ღარიბაშვილი, ანზორ ჩუბინიძე და კითხვები დავუსვათ. ნაღდად არ მჯერა, რომ პრემიერის მამას თავისი შრომით ნაშოვნი 35 ათასი ევრო აქვს სადღაც გადანახული ". - განაცხადა ელისაშვილმა.