ხიდაშელი რაჭის ტყეებში ვერ ინადირებს?! - ოლიგარქი და გარემოს დაცვის სამინისტრო ერთმანეთის წინააღმდეგ
პრორუსი ოლიგარქთან, დავით ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანიას რაჭაში ტყის გადაცემის პროცესი შეუჩერეს - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ სამონადირეო მეურნეობა შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” სამინისტროში საჭირო დოკუმენტაცია არ წარუდგენია.
მეტიც, ირკვა, რომ ხიდაშელის კომპანიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და საქმიანობის დაწყებამდე, „ზურმუხტის ქსელის" ტერიტორიებზე ზემოქმედების ანგარიში 5 თვის წინ უნდა გადაეგზავნა, რაც სამინისტროს მტკიცებით არ მოხდა, რასზც საბოლოოდ ხიდაშელის კომპანიისთვის მიწების მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერება მოჰყვა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სამართალდარღვევაზე, კომპანიის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ამბროლაურის სასამართლომ კი 2023 წლის 24 ივლისს შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა"-ს მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა.
ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 27 ივლისს გაასაჩივრა, დღეს არსებული მდგომარეობით კი სააპელაციო სასამართლოს დადგენილება წარმოდგენილი არ არის.
მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რაჭაში სამონადირეო მეურნეობის შექმნის მიზნით მოთხოვნილი ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერებულია", - აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ლიცენზიის მფლობელი კომპანიების განმარტებებმა დიდი გაუგებარობა გამოიწვია გეოლოგებში. ხიდაშელის კომპანია სამინისტროსკენ იშვერს ხელს და ამბობს, რომ მენეჯმენტის გეგმა მხოლოდ იმიტომ ვერ წარადგინა, რადგან მიღება-ჩაბარების აქტი არ აქვს, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს უნდა მიეცა.
ექსპერტები ამბობენ, რომ ურთერთბრალდებების ფონზე, ერთი და იმავე ფაქტს გარემოს დაცვის სამინისტრო და ლიცენზიის მფლობელი სხვადასხვანაირად წარმოგვიდგენენ.
"ერთი და იმავე ფაქტს გარემოს დაცვის სამინისტრო და ლიცენზიის მფლობელი სხვადასხვანაირად წარმოგვიდგენენ. ცოტა გაუგებარი სიტუაციაა - ლიცენზიის მფლობელი ამბობს, რომ მე მენეჯმენტის გეგმა არ წარვადგინე იმიტომ რომ მიღება ჩაბარების აქტი არ მაქვს, სამინისტრო კი იძახის რომ იმის გამო რომ მენეჯმენტის გეგმა არ წარმოადგინა, არ ვაძლევ მიღება-ჩაბარების აქტს. თავი ბოლო რომელია ვერ გაიგებ"- ამბობს მწვანე ალტერნატივის წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი.