ღარიბაშვილის დეოლიგარქიზაციის გეგმა ივანიშვილს არ შეეხება
საქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის გეგმა დაამტკიცა. იცვლება კანონები და შემოდის ახალი რეგულაციები, გარეშე პირების გავლენების შესამცირებლად. უცნობია რა იცვლება, რა მკაცრდება, მთავრობა მხოლოდ იმას ამბობს რომ დეოლიგარქიზაციის გეგმა დამტკიცებულია და ეს გეგმა ეხება ანტიკორუფციულ მიმართულებას, მედიას, სასამართლოს.
არჩილ თალაკვაძემ განმარტა, თუ რას გულისხმობს და რა შეიცვლება დეოლიგარქიზაციის კუთხით.
თალაკვაძის განცხადებით იკვეთება, რომ ერთადერთი ოლიგარქი დღეს ქვეყანაში არის დავით კეზერაშვილი და ეს მან არაერთხელ დაადასტურა საკუთარი პირით. მმართველი გუნდი ამით პირდაპირ ამბობს, რომ ღარიბაშვილის დეოლიგარქიზაციის გეგმა ივანიშვილს არ შეეხება.
დრო დაეთმო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ევრორეკომენდაციის შესრულების საკითხს. ეს გახლავთ დეოლიგარქიზაცია და მასთან დაკავშირებული პაკეტი, განვიხილეთ სამოქმედო გეგმა, რომელიც უკვე შემუშავებულია ევროკავშირთან შეთანხმების შესაბამისად და ეს გახლავთ კომპლექსური სამოქმედო გეგმა, რომელიც მთლიანად უზრუნველყოფს, რომ საქართველომ ეს რეკომენდაცია ამომწურავად და სრულფასოვნად შეასრულოს. ეს ეხება, როგორც პარტიების დაფინანსების საკითხს, ასევე ანტიკორუფციულ მიმართულებას, ანტიმონოპოლიურ რეგულაციებს, მედიაპლურალიზმს. ყველაზე მეტად იყო შეშფოთებული ანტიოლიგარქიული კანონმდებლობით, ეს იყო რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც, სავარაუდოდ, თავის დამფინანსებლებში აღმოაჩინა პოტენციური ოლიგარქები, როდესაც კრიტერიუმები უკვე განისაზღვრა ჩვენსა და ევროკავშირის მოლაპარაკებების საფუძველზე. ამიტომ მათ პირდაპირ წინააღმდეგობა გასწიეს და პირდაპირ მოითხოვეს, რომ ეს კანონი აღარ მიგვეღო, რაც იყო უკან დახევა მათი მხრიდან. პირდაპირი ჩვენებები გვაქვს ტელევიზიით მოსმენილი, სადაც კეზერაშვილი, სხვა პირები პირდაპირ ამბობენ, რომ ისინი აფინანსებენ მედიას, აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს, ზუსტად ეს არის დეოლიგარქიზაციის კრიტერიუმები, რომ არავინ არ უნდა ჩაერიოს უკანონო ფულით, არაგამჭვირვალე ფულით და ჭარბი რესურსებით მედიის და პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ეს კანონმდებლობა ვინმეს წინააღმდეგ სუბიექტურად და უსამართლოდ გამოვიყენოთ", - ამბობს არჩილ თალაკვაძე.
სხდომას, სადაც ეს გადაწყვეტილება მიღეს მთელი მთავრობა და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ, მედია აქ არ მიუწვევიათ.