რას ემსახურება დეოლიგარქიზაციის გეგმის დამტკიცება - ოპოზიციას კითხვები აქვს
რას ემსახურება დეოლიგარქიზაციის გეგმის დამტკიცება - ღარიბაშვილის მიღებულ დოკუმენტზე კითხვა უფრო მეტია ვიდრე პასუხები.
ოპოზიცია ოფიციალური დოკუმენტის საკანონმდებლო ორგანოში გადაგზავნას ელოდება, თუმცა პარლამენტში უკვე დაისვა კითხვა იმის შესახებ, ხომ არ ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეები ახალი რეგულაციებით დემოკრატიული ოპოზიციის და თავისუფალი მედიის შეზღუდვას.
"ლელო საქართველოს" ლიდერი სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას ახსენებს, რომ ევროკავშირის 12 პუნქტიანი მოთხოვნების შესრულების პროცესში ინკლუზიურობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ დეპუტატს კითხვას უჩენს ის გარემოება, რომ დეოლიგარქიზაციის გეგმა ღარიბაშვილმა ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე დაამტკიცა.
ევროკავშირის 12 პუნქტიანი მოთხოვნების შესრულების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიურობა და ის, რომ ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე ხელისუფლებამ რაღაც საკუთარი ხედვა შეიმუშავა, აჩენს ძალიან ლეგიტიმურ კითხვას - ხომ არ არის ეს მცდელობა მორიგ ჯერზე, რომ დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა რეალურად ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ გამოიყენოს დემოკრატიული ოპოზიციის და თავისუფალი მედიის შეზღუდვისთვის.
დაველოდებით და გავეცნობით, რა არის ეს წინადადებები, ასევე ცხადია, გავივლით კონსულტაციას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ისინი როგორ ხედავენ წარმოდგენილ ცვლილებებს", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
დამოუკიდებელ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას მოლოდინი არ აქვს, რომ ოცნება დეოლიგარქიზაციის გეგმის დამტკიცებით ივანიშვილის ოლიგარქიულ გავლენებს შეზღუდავს.
მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ახლა იმ ტოტს მოჭრის ქართული ოცნება, რომელზეც ზის და დეოლიგარქიზაციის კუთხით ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ გავლენებს შეზღუდავს იმიტომ, რომ დეოლიგარქიზაცია, რომ მოხდეს ამას სჭირდება სასამართლოს რეფორმა, ამას სჭირდება სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერი და არამიტაცებული და ამის პოლიტიკური ნება, რომ არსებობდეს საქართველოს არ ეხება შეუსრულებელი 12 დან დიდი ნაწილი რეკომენდაციების და ვნახოთ დაველოდოთ, რა დოკუმენტს გამოაგზავნიან", - ამბობს თეონა აქუბარდია.
საქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის გეგმა დაამტკიცა. იცვლება კანონები და შემოდის ახალი რეგულაციები, გარეშე პირების გავლენების შესამცირებლად. უცნობია რა იცვლება, რა მკაცრდება, მთავრობა მხოლოდ იმას ამბობს რომ დეოლიგარქიზაციის გეგმა დამტკიცებულია და ეს გეგმა ეხება ანტიკორუფციულ მიმართულებას, მედიას, სასამართლოს.