ენმ-ის საარჩევნო ბლოკის სიით გასულ წევრებზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ - ბეჟაშვილი იმპიჩმენტზე

14.09.23 16:08
ენმ-ის საარჩევნო ბლოკის სიით გასულ წევრებზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ - ბეჟაშვილი იმპიჩმენტზე

"ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ენმ-ს ფრაქციაზე და ფრაქციის წევრებზე, სხვა წევრები, რომლებიც ადრე გასულები იყვნენ ენმ-ის საარჩევნო ბლოკის სიით, ბუნებრივია, მათზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ და არც ავიღებთ," - ეს განცხადება პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა.

"ნაციონალური მოძრაობა" პასუხისმგებლობას იხსნის იმ დეპუტატებზე, რომლებიც პარლამენტში მათთან ერთად საარჩევნო ბლოკის სიით მოხვდნენ, თუმცა, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ამ ეტაპზე დატოვებული აქვთ.

ლევან ბეჟაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" სახელით მოუწოდა ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს პარლამენტში სასესიო სხდომის დარბაზი დატოვონ სწორედ იმ დროს, როცა "ქართული ოცნება" პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს კენჭისყრაზე დააყენებს. 

ამიტომ მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ დეპუტატს, რომ გამოირიცხოს ინსინუაციები და არ დავტოვოთ სივრცე კითხვის ნიშნებისთვის, ყველა გამოვიდეთ დარბაზიდან და არ მივიღოთ მონაწილეობა.

ენმ ამ ქოცურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს და მოვუწოდებთ ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს, არც მათ მიიღონ მონაწილეობა ამ თემების განხილვაშიც კი. ამ თემების გაცოცხლება ნიშნავს მთავარი პოლიტიკური საკითხებიდან ყურადღების გადატანას და პრეზიდენტის, როგორც ერთადერთი პროევროპული სახელმწიფო ინსტიტუტის წარმოჩენას. ჩვენი მიზანია, რომ ეს თემა დაიხუროს, პოლიტიკური ინსინუაციები გამოირიცხოს და ამაში ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად უნდა ვიმოქმედოთ,“ - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.