"ღარიბაშვილის მთავრობა ციფრებით ჟონგლიორობს" - გაიზარდა თუ არა საქართველოში უცხოური ინვესტიციები

14.09.23 17:50
"ღარიბაშვილის მთავრობა ციფრებით ჟონგლიორობს" - გაიზარდა თუ არა საქართველოში უცხოური ინვესტიციები

პრემიერი ღარიბაშვილი ამტკიცებს რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა. მთავრობის მიერ გავრცელებულ მონაცემებში წერია, რომ გასულ წელთან შედარებით სახეზეა 30 პროცენტიანი მატება.

თუმცა კითხვის ნიშნები ოპოზიციას აქვს, კითხვები ფულის შემომტანი კომპანიების სიის გადახედვის დროს ჩნდება. სათავეში კომპანია ენკაა, რომლის პროექტი ნამახვანჰესი შეჩერებულია. ეკონომისტები საუბრობენ ციფრების შესაძლო მანიპულაციაზე რუსი ტურისტებისა და ოფშორებიდან გადმორიცხული თანხების დახმარებით.

ეკონომისტები ამბობენ, რომ ღარიბაშვილის მთავრობა ციფრებით ჟონგლიორობს, რეალურად კი ქვეყანაში შემოსული ინვესტიციები არ ვიცით საიდან მოდის.

ოთარ აბესაძის თქმით, უნდა მოხდეს გათვლა თუ რას ნიშნავს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და უკვე შემდგომ უნდა მოხდეს იმის განხილვა თუ რამდენად მზარდია საქართველოში ეკონომიკური დოვლათები.

საქართველოს მთავრობა კვლავ ამოქმედდა ციფრები ჟონგლიორობის რეჟიმში და ცდილობს მოსახლეობაზე გაყიდოს ლარში დაანგარიშებული მშპ და ცდილობს მოსახლეობაზე გაყიდოს ემიგრაციული თანხების ზრდის პარამეტრები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა. გასული წლის ანალოგიური წლის პარამეტრებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 70% მოდიოდა ემიგრანტების მიერ ყოველთვიურ გადმორიცხულ თანხებზე 22% მოდიოდა არსებული უცხოური ინვესტიციების რეინვესტირებაზე და მხოლოდ 8% არის, ის ახალი ინვესტიცია, რომელიც შემოდის ქვეყანაში. შესაბამისად, ჯერ აქ არის ჩასაშლელი ზუსტად, თუ რას ნიშნავს პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რა კატეგორიას განეკუთვნება და შემდგომ არის სასაუბრო იმაზე, რამდენად მზარდია საქართველოში ეკონომიკური დოვლათები", - ამბობს ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ოთარ აბესაძე.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ რეალობის გაყალბება ხდება. პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საორგანიზაციო მდივნის, თაზო დათუნაშვილის თქმით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ფაქტობრივად აღარ შემოდის, რადგან მათ აღარ აქვთ სურვილი ჩვენს ქვეყანაში ფულის ჩადების.

სტატისტიკის ფორმირებით ხდება რეალობის გაყალბება. სინამდვილეში ეს არის სამარცხვინო ტყუილი. ენკას მიერ აღებული სესხი მიაწერეს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას, გარკვეული მეთოდიკით ეს ასეც შეიძლება, მაგრამ სინამდვილეში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ფაქტობრივად აღარ შემოდის. ქვეყანაში, სადაც კლეპტოკრატია მეფობს, ქვეყანაში, სადაც ოლიგარქატი მართავს ქვეყანას, ქვეყანაში, სადაც უკანასკნელი წლების პრივატიზაციები თავიდან ბოლომდე ოლიგარქების ივანიშვილის ოჯახთან და პირადად ივანიშვილთან დაახლოებული ადამიანების ხელშია, ასეთ ქვეყანაში ინვესტიციას დასავლური თუ არადასავლური ზოგადად რეპუტაციული ინვესტორები ფულს აღარ დებენ", - ამბობს დათუნაშვილი.