ჩარტერული რეისი 60-70 ათასი ევროს ფარგლებში - ფასდაკლება პრემიერისთვის თუ რიცხვებით მანიპულაცია
ფასდაკლება პრემიერისთვის თუ რიცხვებით მანიპულაცია - რა დაჯდა ღარიბაშვილის ჩარტერული რეისი. მთავრობა უკვე დიდი ხანია ვერსიებშია ჩაკარგული.
ამიტომ ავია ექსპერტები ორ შესაძლო ვარიანტზე საუბრობენ. თუ ყველაფერი მართლაც ისეა, როგორც ამას ანზორ ჩუბინიძე ამბობს, მაშინ ექსპერტების აზრით, ღარიბაშვილების ოჯახს, გრანდიოზული ფასდაკლება ჩარტერის სანაცვლოდ გაიაშვილმა გაუკეთა. თუ ეს ასე არ არის, მაშინ სახეზეა საზოგადოების მიზანმიმართული შეცდომაში შეყვანა, რადგან როგორც წესი, ჩარტერი იმაზე გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ამას ხალხს აჯერებენ. ამას ემატება მიუნხენის აეროპორტში დაპარკინგებული სამთავრობო თვითმფრინავის გაჩერების ხარჯებიც.
ათას დოლარზე მეტი შეიძლება იყოს ერთი დღე-ღამის განმავლობაში გაჩერება, მარტო პარკინგი. პლუს, ეკიპაჟის დასვენება და სხვა ხარჯები, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ამ გაჩერებასთან. რა თქმა უნდა, ეს იქნება მინიმუმ, ერთ კვირაში, მარტო გაჩერება 10-15 ათასი დოლარი იყოს. აქედან გამომდინარე, რეისის ღირებულება, სავარაუდოდ, უფრო ლოგიკური იქნებოდა 60-70 ათასი ევროს ფარგლებში,“ - ამბობს გიორგი კოდუა.
როგორც ეკონომისტი ოთო აბესაძე ამბობს, კითხვებზე პასუხის გასაცემად საჭიროა გადახდის ქვითრის წარდგენა. აბესაძის განმარტებით, თუ რეისი გასაიდუმლოებული არ იყო, მაშინ ქვითრებზე ინფორმაცია საჯაროა და საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რა დაუჯდა პრემიერის შვებულება.
თუ თანხა ირიცხება, ეს ირიცხება სახაზინო კოდზე, შესაბამისად, სახაზინო კოდს აქვს თავისი ამონაწერი. ან თუ ხდება ასეთი გამონაკლისი, ეს თანხა შედის ქეშად, ამას თავისი ანგარიშფაქტურა ახლავს თან, თუმცა ასე არ ხდება, შესაბამისად, როგორც სახელმწიფო ხაზინა, ისე ფულის გადამხდელი ვალდებულია, თუ არის ამის აუცილებლობა, რომ წარადგინოს შესაბამისი ამონაწერი, თუ ეს არ შედის გარკვეული ტიპის გრიფით საიდუმლო ან ისეთი ტიპის შესყიდვაში, რომელიც არის სახელმწიფო საიდუმლოება, გააჩნია ამას ხაზინა და გამქირავებელი ორგანიზაცია, როგორ გაატარებს. თუ არის საიდუმლოება, ამის ამოღებას სპეცნებართვა დასჭირდება, თუ არ არის საიდუმლო შესყიდვა, ამ შემთხვევაში ინფორმაცია საჯაროა,“ - ამბობს ოთო აბესაძე.