გაფართოვდეს ნათესაური წრე, ვისაც საჯარო მოხელე დეკლარაციაში ასახავს - გახარიას გუნდის საკანონმდებლო ინიციატივა
პარტია "საქართველოსთვის" ელიტური კორუფციის აღმოფხვრის მიზნით საკანონმდებლო ინიციატივის წარადგენს. როგორც დეპუტატები ამბობენ, პარტია ქონებრივი დეკლარაციის შევსების წესში ცვლილების შეტანას მოითხოვს და საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტში არეგისტრირებს. გახარიას გუნდი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.
როგორც ბექა ლილუაშვილი ამბობს, უნდა გაიზარდოს იმ პირთა წრე, ვისაც საჯარო მოხელე დეკლარაციაში მოიხსენიებს.
იმისთვის, რომ პოლიტიკური კორუფციით მოპარული ფულის გადამალვის შესაძლებლობა მაქსიმალურად შეიზღუდოს ქვეყანაში, ჩვენ დღეს შეგვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ შევსებულ დეკლარაციაში წარმოდგენილი ნათესაური წრე გაფართოვდეს და შეიქმნას ვალდებულება ამ ნათესავების შემოსავლების დეკლარაციის შესახებ. ვფიქრობთ, რომ ასეთი ტიპის ცვლილება დაეხმარება, პოზიტიურად შეფასდეს ანტიკორუფციული მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ამიტომ ვითხოვთ, დაჩქარებულად განხილვას,“ - ამბობს ბექა ლილუაშვილი.