მირჩევნია ღარიბაშვილი იყოს პრემიერად - მანჯგალაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ მართალია ირაკლი ღარიბაშვილმა კანონი დაარღვია, როდესაც სამთავრობო თვითმფრინავი ოჯახისთვის გამოიყენა, მაგრამ ურჩევნია, რომ ის დარჩეს პრემიერად, რადგან, საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ღარიბაშვილი დისკრედიტირებულია და ამაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში თუ არ იქნება ღარიბაშვილი, მანჯგალაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი უფრო დისკრედიტირებულ კანდიდატს მოძებნის, დასვამს პრემიერად და ასე შეეცდება უფრო კარგად მართოს ის და ქვეყანაც.
კანონი დაირღვა, გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, სამართლებრივი მექანიზმები უნდა ავამუშავოთ ჩვენ, მაგრამ წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით თუ შევხედავთ, გვყავდეს ღარიბაშვილი, იმიტომ რომ დისკრედიტირებულია ბოლომდე და არავის კითხვის ნიშნები არ აქვს.
მივყვეთ კონსტიტუციას კარგი, მაგრამ წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით თუ მეტყვის ვინმე, მირჩევნია ღარიბაშვილი იყოს. ეს არის განსხვავება ევროპულსა და რუსულ სისტემას შორის. იქ თავად გუნდს არ მოუნდებოდა დისკრედიტირებული პრემიერ-მინისტრის ყოლა გუნდში, მაგრამ აქ როგორ არის, ხალხი ხომ არ იღებს გადაწყვეტილებას, აქ იღებს ივანიშვილი, მას მოუნდება უფრო მეტად დისკრედიტირებული ადამიანი, რადგან უფრო მეტად მართავს". - განაცხადა მანჯგალაძემ "დღის ამბებში"