„დაგვიბრუნეთ სკოლა“ - დადიანზე მშობლებმა პროტესტის ნიშნად ქუჩა გადაკეტეს
„დაგვიბრუნეთ სკოლა“ - აქცია დადიანზე ამ დრომდე გრძელდება. მშობლებმა და მოსწავლეებმა ცოტა ხნის წინ ცოტნე დადიანის ქუჩა გადაკეტეს. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
მშობლები ყვებიან, რომ 4 წლის წინ მეოთხე საჯარო სკოლის შენობა განათლების სამინისტრომ იმ მოტივით დაანგრია, რომ ახალი უნდა აეშენებინათ, თუმცა, ამ დრომდე ადგილზე მშენებლობის პროცესი დაწყებული არ არის და სივრცე საპარკინგე არედ არის გადაქცეული.
მშობლები იმ პრობლემებზე საუბრობენ, რასაც მათი შვილები სხვა სკოლაში სიარულით აწყდებიან. ამბობენ, რომ გაკვეთილები არასრულფასოვნად ტარდება, რადგან საგაკვეთილო დრო შემცირებულია 45 წუთის ნაცვლად 30-წუთიანი გაკვეთილები ტარდება, რის გამოც ბავშვებს დამატებით რეპეტიტორთან სიარული უწევს, რაც ოჯახებს დამატებითი ხარჯები უჯდებათ.
კონკრეტული დრო გვაინტერესებს, როდის აგვიშენებენ სკოლას, ან სხვა შენობა გამოყონ, რომ სხვა სკოლებში არ ვიყოთ შეკედლებულები,“ - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
21-ე საუკუნის ტრაგედია არის, რომ სასწავლო წლის პირველ დღეს ჩემი შვილი და მისი მეგობრები ხვდებიან ქუჩაში და მშობელი მაიძულეს, რომ ქუჩა გადავკეტო,“ - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
მეოთხე სკოლის ასაშენებლად ტენდერი კომპანია „ინსმა“ მოიგო. თუმცა კომპანიას არც ამ სკოლაში და არც სხვა სკოლებში, რომლის მშენებლობის ვალდებულებაც აღებული აქვს, სამშენებლო სამუშაოები არ დაუწყია.
რომელმა კომპანიამაც გაიმარჯვა ამ ტენდერში, ეს არის კომპანია „ინსი“, იგივე კომპანიას აქვს მოგებული ტენდერი მე-11 საჯარო სკოლაზე, ხელშეკრულება ჯერ კიდევ მარტში გაფორმდა, გავიდა 6 თვე და სამშენებლო სამუშაოები არ განხორციელება. ბავშვებს უწევთ სხვა სკოლებში მიკედლება, მეორე ცვლაში სწავლა, შეზღუდული საგაკვეთილო დროით სწავლება, რაც მკვეთრად აუარესებს მათი განათლების ხარისხს,“ - ამბობს „ლელოს“ წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი.