12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ ერთია შესრულებული - საზოგადოებრივი ორგანიზაციების ბოლო შეფასება

15.09.23 12:40
12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ ერთია შესრულებული - საზოგადოებრივი ორგანიზაციების ბოლო შეფასება

როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ - საზოგადოებრივი ორგანიზაციები ანგარიშს აქვეყნებენ.

"ღია საზოგადოების ფონდის" ლიდერობით მომზადებულ ბოლო შეფასების დოკუმენტში – "სტატუსმეტრში" პირდაპირ წერია, რომ საქართველომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ ერთი პირობა შეასრულა. ხოლო მთავარი ორი პუნქტი დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია საერთოდ არ არის შესრულებული.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ბოლო შეფასებით, სრულად არის შესრულებული ერთი პირობა; მეტწილად შესრულებულია ორი პირობა; ნაწილობრივ შესრულებულია შვიდი პირობა და კვლავ შესასრულებელია ევროკავშირის ორი პირობა (დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია). სამოქალაქო საზოგადოების შეფასებები დიდწილად თანხვედრაშია ევროკავშირის მიერ 2023 წლის ივნისში წარმოდგენილ შუალედურ შეფასებასთან," - წერია ანგარიშში.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშში მაგალითად, დეპოლარიზაციის კუთხით აღნიშნულია, რომ საერთოდ პროცესი დაძრული არ არის. გამოწვევებად კი შემდეგი საკითხები სახელდება.

გამოწვევები:  ! არ გატარებულა რეფორმები საარჩევნო ბარიერთან და ძალაუფლების განაწილებასთან დაკავშირებით; ! ისევ პრობლემად რჩება სააკაშვილის  საქმე;  ! პოლიტიკური პროცესები 2024 წლის არჩევნების წინ მეტად პოლარიზებული ხდება; ! იზრდება პოლარიზაციის გამომწვევი რიტორიკა;  ! პოლარიზაციის გაღრმავებას ხელს უწყობს სააკაშვილის არათანმიმდევრული განცხადებები, მისი ჯერ მხოლოდ უკრაინის პოლიტიკაში მონაწილეობის და ახლახან საქართველოს პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის შესახებ; ! საპარლამენტო დანიშვნებზე, სადაც მაღალი კვორუმია საჭირო, შეთანხმების პოლიტიკური ნება არ არსებობს. ცალკეულ შემთხვევებში კი, “ქართული ოცნება” ცალმხრივად, საპარლამენტო ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე იღებს კანონმდებლობას, რომელიც მაღალ კვორუმს ხელისუფლების სასარგებლოდ უბრალო უმრავლესობამდე სწევს და შესაბამისად, იგნორირებას უკეთებს საპარლამენტო დანიშვნებში ოპოზიციისა და პრეზიდენტის მონაწილეობას; ! „ქართული ოცნების“ მიერ სასამართლოსთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ხელის შეშლამ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის პოლარიზაცია უფრო გააღრმავა; ! საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობისთვის ხელის შემშლელი კანონების მიღება პოლარიზაციას უფრო გააღრმავებს; ! 19 აპრილის “ შარლ მიშელის შეთანხმების” სულისკვეთება არ არის გათვალისწინებული და “ქართული ოცნება” შეთანხმებას ეწინააღმდეგება. ! “ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამ პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა," - წერია ანგარიშში.