ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლები საქართველოში, თრუსოს ხეობაში - აქუბარდიას სადეპუტატო კითხვები საგარეო საქმეთა მინისტრსა და სუს-ის უფროსს

15.09.23 14:10
ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლები საქართველოში, თრუსოს ხეობაში - აქუბარდიას სადეპუტატო კითხვები საგარეო საქმეთა მინისტრსა და სუს-ის უფროსს

ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლები საქართველოში, თრუსოს ხეობაში - დეპუტატი თეონა აქუბარდია საგარეო საქმეთა მინისტრსა და სუს-ის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს სადეპუტატო კითხვებით მიმართავს. დეპუტატის თქმით, როგორც რუსული მედია წერს, ეს შესაძლებელი გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციასა და ქართულ მხარეს შორის ორთვიანი მუშაობის შედეგად.

სწორედ ამიტომ, თეონა აქუბარდია მინისტრისგან ითხოვს პასუხს, ქართული მხარიდან ვინ იყო კომუნიკატორი. 

მოგმართავთ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის ფარგლებში მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და გთხოვთ მომაწოდოთ ინფორმაცია შემდეგ კითხვებზე:

1. ქართული მხრიდან ვინ იყო კომუნიკატორი ამ საკითხთან დაკავშირებით?

2. იმ ფონზე, როდესაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას საჯარო ტერიტორიული პრეტენზიები აქვს თრუსოს ხეობასთან დაკავშირებით და გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთის მაცხოვრებლები საუბრობენ, რომ „სამშობლოში“ იმყოფებოდნენ, ეს მიგაჩნიათ თუ არა პრობლემურ საკითხად?

3. რამდენი ხანია ამ ტიპის თანამშრომლობა მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციასთან?

4. მაშინ, როდესაც საქართველო IPRM-ის შეხვედრაზე ითხოვს, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა ჩვენმა მოქალაქეებმა წინაპრების საფლავები მოინახულონ, განსაკუთრებით აღდგომის დღეებში და ეს შესაძლებლობა არ ეძლევათ, ამ ტიპის ურთიერთობა რას აძლევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფის თვალსაზრისით?

5. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბაგირ მამიევმა, განაცხადა, რომ თრუსოს ხეობაში წასვლის მოთხოვნით, ოფიციალური ნოტა გაეგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე მოხდა პირადი კონტაქტების გამოყენება საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისა და საქართველოს სამღვდელოების წარმომადგენლებთან. გთხოვთ მომაწოდოთ აღნიშნული ნოტა.

6. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე იყო თუ არა განხილული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების მხრიდან პრეტენზიები საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ თრუსოსა და კობის ხეობებზე? შესაბამისად, აღნიშნული პოლიტიკური გადაწყვეტილება რამდენადაა ქვეყნის გაცხადებულ ინტერესებთან შესაბამისობაში? - წერია საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გაგზავნილ სადეპუტატო კითხვაში.

დეპუტატი სუს-ის უფროსს სთხოვს განმარტებას, რა ეტაპზეა საქართველოს მოთხოვნა IPRM-ის შეხვედრაზე ითხოვს, სადაც საქართველოს მოქალაქეებმა მოითხოვეს საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი საფლავები მოინახულონ, განსაკუთრებით აღდგომის დღეებში. დეპუტატის თქმით, ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია იმ ფონზე, როცა ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლებმა თრუსოს ხეობაში მოინახულეს წინაპრების საფლავები. ეს კი დეპუტატის შეფასებით, არაპროპორციულია.

1. რა პროგრესია საქართველოს IPRM-ის შეხვედრაზე გამოთქმულ მოთხოვნასთან დაკავშირებით?

2. რა არის არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ ეძლევა მოსახლეობას წინაპრების საფლავების ნახვის უფლება?

3. მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს არ ეძლევათ უფლება, წინაპრების საფლავები მოინახულონ, ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლებმა თრუსოს ხეობაში მოინახულეს წინაპრების საფლავები, რადიო თავისუფლების ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით;

ეს ყველაფერი პროპორციული არაა, მით უფრო იმ ფონზე, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას საჯარო ტერიტორიული პრეტენზიები აქვს თრუსოს ხეობასთან დაკავშირებით. ამ კუთხით ხედავს თუ არა თქვენი უწყება პრობლემას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფის თვალსაზრისით?," - წერია სუს-ის უფროსისთვის გაგზავნილ სადეპუტატო კითხვაში.

თრუსოს ხეობაში, რომელსაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი საკუთარ ტერიტორიად თვლის, 6 ოსური გვარის 23 წარმომადგენელი ჩავიდა და ორი ღამით დარჩა. რუსული მედიის ინფორმაციით, ვიზიტი 2 თვის განმავლობაში იგეგმებოდა და მზადების პროცესში, ოფიციალური ნოტა გაეგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც.