მარიკაშვილის თქმით, ფარცხალაძე საქართველოში რუსეთის ინტერესების გატარებაში მარტო არ იქნებოდა
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძე საქართველოში რუსეთის ინტერესების გატარებაში მარტო არ იქნებოდა და მარტო ვერ იმოქმედებდა, ამიტომ მარიკაშვილი აცხადებს, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორთან დაკავშირებული ასეთი პირები საფრთხის მატარებლები არიან.
მარიკაშვილი ეჭვობს, რომ პირები, რომლებიც ამ საკითხების გამოვლენაზე უნდა მუშაობდნენ, გარკვეულწილად მათი ინტერესი შეიძლება იყოს, რომ ეს ყველაფერი არ გამოვლინდეს, ამიტომაც მისი თქმით, სუს-ის და პროკურატურის გამოძიების საგანი უნდა იყოს არა მხოლოდ ოთარ ფარცხალაძის პერსონა, არამედ ყველა ის განშტოება, რომელიც შესაძლოა, მის ამ საქმიანობასთან იყოს კავშირში.
ეს ხაზს უსვამს იმ მასშტაბებს, თუ რა მასშტაბით შეიძლება იყოს რუსეთის ფედერაცია ჩვენი ქვეყნის მართვაში შემოსული. მაშინ, როდესაც ფარცხალაძე წარმოადგენდა გენერალურ პროკურორს და ის ბრალდებულია, რომ მუშაობდა უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებაში, ზეგავლენის მოხდენაზე საქართველოს მოსახლეობის მიმართ, ეს ნიშნავს იმას, რომ ის შეიძლება მარტო არ ყოფილიყო, რეალურად მარტო არ იქნებოდა და ყველა კადრი, რომელიც მასთან არის დაკავშირებული, ასევე შეიძლება გარკვეული საფრთხის მატარებელი იყოს. დიდი ალბათობით, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს იმდენად ღრმად წასული, რომ მათ შორის ის პირებიც, რომლებიც უნდა მუშაობდნენ ამ საკითხების გამოვლენაზე, გარკვეულწილად მათი ინტერესი შეიძლება იყოს, რომ ეს ყველაფერი არ გამოვლინდეს. უსაფრთხოების სამსახურის და პროკურატურის გამოძიების საგანი უნდა იყოს არა მხოლოდ ოთარ ფარცხალაძის პერსონა, მისი წარსული და საქმიანობა, არამედ ყველა ის განშტოება, რომელიც შესაძლოა, მის ამ საქმიანობასთან იყოს კავშირში". - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.
სანქცირებული ფარცხალაძის საქმის შესწავლა სუს-მა დაიწყო. ლილუაშვილის უწყებაში ამბობენ, რომ მოკვლევა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის საფუძველზე მიდის.
ამერიკამ ფარცხალაძე შავ სიაში რუსული გავლენების საქართველოში გაძლიერების გამო შეიყვანა, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი რუსეთის აგენტია. ფარცხალაძე არის პირველი ქართველი ვინც ამერიკამ სანქცირებულთა სიაში, რუსეთთან კავშირების გამო შეიყვანა.