რას ემსახურება და როდის შეიქმნება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ნაციონალური კომიტეტი?

15.09.23 15:53
რას ემსახურება და როდის შეიქმნება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ნაციონალური კომიტეტი?

ახალი კომიტეტი "ნაციონალურ მოძრაობაში" - პარტიაში ამბობენ, რომ იდეა ჯერ ინიციატივის დონეზეა. ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის პეტრე ცისკარიშვილი განმარტებით, კომიტეტის მიზნები და ფუნქციები ცნობილი მხოლოდ მისი შექმნის შემთხვევაში გახდება. მისი თქმით, კომიტეტში გასაწევრიანებლად მნიშვნელოვანი კრიტერიუმი პროდასავლური ორიენტაცია იქნება. 

როცა შეიქმენა, თუ შეიქმნება, იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები, კონკრეტული საბჭო თუ ნაციონალური კომიტეტი, მაშინ გამოცხადდება მისი დატვირთვაც, ფუნქციებიც, მიზნებიც და შემადგენლლობაც. ამ ეტაპზე კონკრეტულ პასუხს ამ საკითხზე ვერ გაგცემთ. ორი მთავარი კრიტერიუმი გვაქვს, რომ იყოს პროდასავლური ორინეტაცია და იყოს მართლა ოპოზიცია. პირობითად რომ ვთქვათ, კობახიძე უნდა გასახელებდეს როგორც „რადიკალურ ოპოზიციას“, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

ენმ-ს წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით,  კომიტეტის კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა სურს. 

მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ადამიანი, რომელსაც, მათ შორის, შეიძლება არ უნდოდეს პარტიაში ყოფნა, მაგრამ არიან ძალიან აქტიურები, იქნება ეს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, იქნებიან ეს სამოქალაქო აქტივისტები, იქნებიან ეს ექიმები, უბრალოდ, რიგითი ადამიანები, ვისაც უნდა ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ბრძოლა მიშასთან ერთად, შეიქმნება ეს ფორმატი, სადაც გაერთიანდება ყველა ეს ადამიანი და ყველა ერთად ვიბრძოლებთ რუსი ოლიგარქი ივანიშვილის და მისი ავტოკრატული რეჟიმის დასამარცხებლად, - ამბობს ირაკლი ნადირაძე. 

კომიტეტის დატვირთვა არ ესმის მელიას ფლანგის წევრს, ბაჩო დოლიძეს. 

თუ კომიტეტმა უნდა განუსაზღვროს პარტიას ხედვა, სტრატეგია, მაშინ რა საჭიროა პოლიტსაბჭო? ამდენი ხნის განმავლობაში ამაზე გვქონდა საუბარი, რომ არაფორმალურად იმართება პარტია და ახლა კიდევ მეტ არაფორმალურობას ვუმატებთ ამ ყველაფერს. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რას ემსახურება ეს ყველაფერი. ერთი იმის თქმა შემიძლია, თუკი სანდოობა არ აქვთ არსებული პოლიტსაბჭოს, დააბრუნონ ძველი პოლიტსაბჭო. მიზანმიმართულად ხდება დაზიანება პარტიის. რა კომიტეტი, რის აღმასკომი, ცოტა რეალობას ხომ უნდა გავუსწოროთ თვალი, - ამბობს დოლიძე.
 

პარტიიდან წასული ხატია დეკანოიძე კი ფიქრობს, რომ აღნიშნული კომიტეტის შექმნა პარტიაში ერთობის შექმნას ემსახურება, თუმცა ამის შანსი ძალიან მცირეა. 

რამდენიმე კვირის წინ მოვისმინე ეს იდეა. მე ვთვლი, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ არის რთულ მდგომარეობაში, მე ვთვლი, რომ ელეტორატულად არ არის საუკეთესო ფორმაში. ეს არის რაღაცნაირად ერთობის შეკოწიწების მცდელობა, შედუღების მცდელობა. მე მგონია, რომ ამ პარტიაში ერთობის შანსი არის ძალიან ცოტა, იმიტომ, რომ რეალურად, ძალიან მძიმე მოცემულობა, როგორც ჩანს, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი გადანაწილება დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი პარტიის მართვის სადავეებს იბრუნებს და კონტროლს გარედან იწყებს.  "ნაციონალურ მოძრაობას" ნაციონალური კომიტეტი გააკონტროლებს, მას პატიმარი პრეზიდენტი უხელმძღვანელებს.  სააკაშვილის იდეა თავდაპირველად  გიგი უგულავამ გაახმოვანა, რომელიც ამავე კომიტეტის წევრი იქნება. ის უკვე მართავს კონსულტაციებს მელიას ფლანგთან. არ არის გამორიცხული, პარტიის მაკონტროლებელ რგოლში  ენმ-ის ექსთავმჯდომარეც ვიხილოთ.