დღევანდელი ოპოზიცია დანგრეული და გაუბედურებულია - კახა კალაძე

15.09.23 16:11
დღევანდელი ოპოზიცია დანგრეული და გაუბედურებულია - კახა კალაძე

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ოპოზიციის გაერთიანებას სკეპტიკურად უყურებს. კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ხელისუფლების ოპონენტები სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებენ, რაც მათ მარცხს უქადდის. 

ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი ოპოზიციას ისევ ერთ ქვაბში ხარშავს და იწმრუნება, რომ მათ მიზანს ქვეყნის ნგრევა წარმოადგენს. 

ჩვენ არაერთხელ გვინახავს ასეთი პლატფორმები, მათი შეკვრა, დაშლა. სიახლე არაფერია. ჩვენ ვიცით ეს ადამიანები რას წარმოადგენენ, რას ემსახურებიან, რა არის მათი ძირითადი სამოქმედო გეგმა და სამიზნე. ერთი რამ ცხადია, რომ მათ ქმედებებში ქვეყნის ინტერესები ნამდვილად არ არის, სხვა ქვეყნის ინტერესები შეიძლება იყოს. ჩვენ ალბათ კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს იმის ნახვა, რომ ვიღაცები დაიშლებიან, ვიღაცები გაერთიანდებიან. მაგრამ ვინც სხვა ქვეყნის ინტერესს ემსახურებიან, რა თქმა უნდა, მათ პოლიტიკურ პარტიას არანაირი მომავალი არ აქვს.

თავისი შინაარსით ეს ადამიანები ერთნი არიან, არაფრით განსხვავდებიან. დღეს შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ ერქვათ, ხვალ „ლელო“ დაირქვან, ზეგ - „ევროპული საქართველო“. ამ ადამიანების სულისკვეთება და მსოფლმხედველობა არის მიმართული ამ ქვეყნის განვითარების და მომავლის წინააღმდეგ. მათ ჰყავთ ერთი პატრონი და საქართველოს ნგრევას ემსახურებიან. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინაც რამდენი უბედურება მოუტანეს ქვეყანას და დღესაც აგრძელებენ. მოსახლეობა რეალობას ძალიან კარგად ხედავს. ასევე, ხედავს ჯერ კიდევ იმ გამოწვევებსა და საფრთხეებს, რაც რეგიონში არსებობს. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად აქვს შესაძლებლობა, რომ ზეწოლის მიუხედავად, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესები გაითვალისწინოს, დაიცვას აქ მცხოვრებლები, შეინარჩუნოს მშვიდობა და მოახდინოს ქვეყნის განვითარება, ეს პოლიტიკური გუნდი არის „ქართული ოცნება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც შეაფასა, სადაც მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ დღევანდელი ოპოზიცია დასუსტებულია. კალაძე ამბობს, რომ ხელისუფლების ოპონენტები დანგრეულები და გაუბედურებულები არიან.

დასუსტებულს ვერ დავარქმევდი. უფრო ვიტყოდი, რომ დანგრეული და გაუბედურებული არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია. ეს არის რეალობა, რასაც ყველა უნდა შეეგუოს. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ ქვეყანაში რადიკალიზმს არ აქვს მომავალი. რა თქმა უნდა, ქვეყანას, საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება ძლიერი ოპოზიცია, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას, დემოკრატიულ ზრდას. თუმცა, იმას, რაც დღეს ოპოზიციაში ხდება, ამას არვიცი რა დავარქვა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.