"კრიტიკული მედიის იძულებით გააკეთა" - რატომ გაუნულა პრემიერმა სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება
კრიტიკული მედიის როლი და ძალა დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა თავად აღიარა - სტატუსშეჩერებული სტუდენტების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება ამის დასტურია.
მას შემდეგ, რაც "ტვ პირველის" შაბათის ეთერმა პრემიერის მიერ შვილის ამერიკის სასწავლებელში სამთავრობო თვითმფრინავით ჩაყვანის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა, ღარიბაშვილი იძულებული გახდა, სხვა მოზარდებზეც დაფიქრებულიყო - მათზე, ვინც, სავარაუდოდ, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო სწავლის გადასახადი ვერ გადაიხადეს და უნივერსიტეტების მიღმა დარჩნენ.
სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ამბობენ, რომ სწორედ კრიტიკულმა მედიამ აიძულა მთავრობას სტუდენტების მიმართ სასარგებლო გადაწყვეტილება მიეღო.
მივმართავ იმ 40 ათას სტუდენტს, რომლებსაც დაეხმარა ხელისუფლება, მადლობა გადაუხადონ მედიას, მედია, რომ არ ჩარეულიყო ამ საქმეში, დარჩებოდნენ ქუჩაში, როგორც იყვნენ აქამდე. ისევ ჩვენი ფულით, ისევ ჩვენი გადასახადებიდან აღებული ფულით ხარჯავს, იძულებით გააკეთა ეს ამბავი. წესიერ ქვეყნებში სულ სხვანაირად არის, მედიის ჩარევა არ იქნებოდა საჭირო, რომ ხელმოკლე სტუდენტებს დახმარებოდნენ,“ - განაცხადა იულონ გაგოშიძემ.
გია ბუღაძე დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური აფიორაა პრემიერის გადაწყვეტილება.
ერთი წუთი არ მეპარება ეჭვი, რომ არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებდნენ, ესენი სხვა ხალხი არიან, რეალურად გაუჭირდა და ეს მოიფიქრა, კეთილშობილური აქტი, ფაქტობრივად, ისიც ჩვენს ხარჯზე, ჩვენი ჯიბიდან.
რეალურად, კიდევ ერთხელ საქმე გვაქვს პოლიტიკურ აფიორასთან. ახლა თუ ვაჟკაცია და თავი აქვს, გადასახადებს რომ ვერ იხდიან ბავშვები, რომ ვერ ქირაობენ რაიონებიდან ჩამოსული სტუდენტები, გადაუხადოს დასაქირავებელი ფული და გაუკეთოს ის, რაც საჭიროა,“ - ამბობს გია ბუღაძე.
ლიტერატურათმცოდნე ქეთი ქურდოვანიძე ამბობს, რომ მთავრობის პირველმა პირმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც მიხვდა, რომ მისი შვილის აშშ-ში სასწავლებლად სამთავრობო თვითმფრინავით წაყვანას საზოგადოებაში მძაფრი რეაქცია მოჰყვებოდა.
თითქოს ეს მოვლენა ძალიან კეთილშობილურია და კარგად ჟღერს, თუმცა, მას აქვს ისეთი ამორალური მეტაფიზიკა. მთავრობა აიძულა მედიამ, რომ გადაედგა ეს ნაბიჯი, ნებაყოფლობით, აქამდე იყვნენ 12 წელი და თუ ოდესმე მოუნდებოდათ ასეთი ნაბიჯის გადადგმა, გადადგამდნენ. კრიტიკული მედია გამოხატავს საზოგადოების დიდი ნაწილის აზრს და მათ იგრძნეს, რომ საზოგადოებას ჰქონდა მძაფრი რეაქცია,“ - ამბობს ქეთი ქურდოვანიძე.
30 ათას სტატუს შეჩერებულ სტუდენტს დავალიანება გაუნულდებათ, - ამის შესახებ ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მას შემდეგ რაც ეს გადაწყვეტილება პროცედურულად დასრულდება, მოზარდებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ სასწვალებლებს დაუბრუნდნენ.