ადამიანმა წინაპრის საფლავი მონახულა, ამაზე უნდა ავტეხოთ საერთაშორისო სკანდალი? - ქადაგიშვილი
თრუსოს ხეობაში ოსური ჯგუფის შემოსვლაში "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი პრობლემას ვერ ხედავს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო სკანდალის ატეხვა არასწორია.
ჩრდილოეთ ოსეთის მოქალაქე არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რომელსაც შეუძლია საქართველოში შემოსვლა, რომელსაც შეუძლია, თუ მისი რომელიმე წინაპარი არის საქართელოში დაკრძალული, მისი საფლავი მოინახულოს. გინდათ, რომ შექმნათ არაფრისგან... აი, ადამიანი შემოვიდა ვიღაცა, რა მნიშვნელობა აქვს ოსია, ჩეჩენია, რუსია, უკრაინელია და თავის წინაპრის საფლავი მოინახულა...და ამაზე ახლა უნდა ავტეხოთ საერთაშორისო სკანდალი? კარგით, რა, - ამბობს ქადაგიშვილი.
თრუსოს ხეობაში, რომელსაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი საკუთარ ტერიტორიად თვლის, 6 ოსური გვარის 23 წარმომადგენელი ჩავიდა და ორი ღამით დარჩა. რუსული მედიის ინფორმაციით, ვიზიტი 2 თვის განმავლობაში იგეგმებოდა და მზადების პროცესში, ოფიციალური ნოტა გაეგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც. მათივე ცნობით, ოსების ჯგუფს დახმარება აღმოუჩინეს ქართველმა მესაზღვრეებმა. გამოყენებული იქნა პირადი კონტაქტებიც.