კახა კალაძის თქმით, სამთავრობო თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის გამოუყენებია
თბილისის მერი კახა კალაძე აღიარებს, რომ სამთავრობო ბორტით პირადი მიზნებისთვის მასაც უსარგებლია. ამის შესახებ კალაძემ "TV პირველის" ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესთან ინტერვიუში განაცხადა.
კალაძეს უჭირს გაიხსენოს კონკრეტული შემთხვევები, როდის ისარგებლა სამთავრობო ბორტით, თუმცა ამბობს, რომ ფრენა სახელმწიფო ხარჯით არ განხორციელებულა.
არ მახსოვს ზუსტად, თუმცა ძალიან ხშირად მისარგებლია, არა მხოლოდ სამთავრობო... ძალიან ბევრჯერ ყოფილა, თუმცა არა სახელმწიფო [ხარჯებით]... დეკლარაციაში არის ყველა ხარჯი. ეს იყო პირადი მოგზაურობა და პირადი ხარჯი. ყველაფერი არის დეკლარაციაში ჩემს ხარჯებთან დაკავშირებით. ხშირად გამომიყენებია სამთავრობო თვითმფრინავი, ყოფილა ჩემი დაკვეთით და მე გადამიხდია ფული, ყოფილა შემთხვევა, სხვას გადაუხდია და უბრალოდ, გავყოლივარ. ყველაფერი არის შესაბამის უწყებაში და მოგაწვდით, თუ ამის ინტერესი გექნებათ", - უთხრა კახა კალაძემ ჟურნალისტს.
ხვალ "TV პირველის" ეთერში, ნოდარ მელაძის შაბათში ახალი საგამოძიებო სიუჟეტი გავა, სადაც საუბარი იქნება სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებით გამოყენებაზე.