პირამიდის სათავეში ივანიშვილია, საყრდენები არიან ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, ფარცხალაძე - ხოშტარია
„პირამიდის სათავეში არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ჰყავს თავისი სხვადასხვა საყრდენი. ერთი საყრდენი არის პრემიერი, ასევე, სუს-ი - ლილუაშვილი, ფარცხალაძე“, - ეს განცხადება „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „დღის ამბებში“ გააკეთა.
ელენე ხოშტარიას თქმით, სახდეპის დოკუმენტმა და ფარცხალაძის დასანქცირებამ გამოააშკარავა, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი მარტო ნამდვილად ვერ იმოქმედებდა და რომ ის ივანიშვილის ოლიგარქიული სისტემის ერთ-ერთი საყრდენია.
ყველამ კარგად ვიცით, რომ პირამიდის სათავეში არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ჰყავს თავისი სხვადასხვა საყრდენი. ერთი საყრდენი არის პრემიერი, ასევე, სუს-ი - ლილუაშვილი, ფარცხალაძე სხვა ტიპის დავალებებს ასრულებს და სხვა საყრდენებიც ოლიგარქიულ სისტემას გააჩნია. ივანიშვილის ერთ-ერთ საყრდენს მოხვდა და ისე მოხვდა, რომ ცალკე ფარცხალაძე კი არ დაისაჯა, მათ გვაჩვენეს პირამიდა, რომ ფარცხალაძე არის სახელმწიფოში, პრაქტიკულად, ღალატის ერთ-ერთი მოქმედი პირი, იმიტომ, რომ მასშტაბი, როცა შენ საზოგადოებრივი აზრი უნდა შეცვალო, არის ძალიან დიდი. პირამიდის თავში არის ბიძინა ივანიშვილი,“ - ამბობს ხოშტარია.
ხოშტარიას თქმით, ივანიშვილის სისტემა ძლიერი დარტყმის ქვეშ მოხვდა და სახდეპმა რუსეთთან მჭიდრო კავშირში ამხილა. როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერი ამბობს, საზოგადოებამ პასუხი უნდა მოსთხოვოს ხელისუფლებას და ფარცხალაძის გარდა, მხილება უნდა გაგრძელდეს.
გადაწყვეტილების შინაარსი, რაც მოვისმინეთ ამერიკის მხრიდან არის უდიდესი დარტყმა მთლიანად „ქართული ოცნებისთვის“, აქ საუბარია არა ცალკე აღებულ ადამიანზე, არამედ იმაზე, რომ რუსული ФСБ ფარცხალაძის ხელით საქართველოში გეოპოლიტიკურ სპეცოპერაციას ატარებს. საქართველოში რუსეთის სასარგებლოდ პოლიტიკური და საზოგადოებრივი აზრის ცვლილება არის გეოპოლიტიკა, ეს არის, პრაქტიკულად, საქართველოს სახელმწიფოს მიტაცება, მომავლის მიტაცება, ჩვენი ხალხის ნების საწინააღმდეგო მოქმედება რუსული ФСБ-ის ხელით.
დეზინფორმაციის და პრორუსულ კამპანიის, ხალხზე ზემოქმედების პროცესი ერთ ადამიანზე ვერ იქნება ჩამოკიდებული, ვხედავთ კიდევაც ეს პროცესი როგორც მიდის - ხშირად პრემიერ-მინისტრი საუბრობს იმას, რაც რუსეთს აწყობს, მაგალითად, იმას, რომ არავინ იცის, როგორ დასრულდება ომი,“ - ამბობს ხოშტარია.