ექსკლუზივი: როგორ დადის კალაძე სამთავრობო თვითმფრინავით დასასვენებლად - გამოძიების ახალი სერია

16.09.23 21:53
ექსკლუზივი: როგორ დადის კალაძე სამთავრობო თვითმფრინავით დასასვენებლად - გამოძიების ახალი სერია

სამთავრობო თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის - სერია ორი! "ნოდარ მელაძის შაბათი" მორიგ სკანდალურ მტკიცებულებებს ასაჯაროებს:  ვინ და რა მიზნით გადაჰყავდა ხალხის ფულით ნაყიდ სამთავრობო სი არ ჯი 200-ს?!

2022 წლის 1 იანვარი - სამთავრობო ხომალდი თბილისიდან, 17 საათსა და 45 წუთზე აფრინდა და გეზი შვეიცარიისკენ აიღო. რეისი N92771 ციურიხის აეროპორტში 20 საათსა 13 წუთზე დაეშვა. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, თბილისის მერი და მისი გარემოცვა, სამთავრობო ბორტით, ალპებში, ახალი წლის  დღეების გასატარებლად წავიდა. 

როდესაც კახა კალაძე "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული დოკუმენტების პირისპირ აღმოჩნდა, ვერ უარყო, რომ სამთავრობო თვითმფრინავი, ახალი წლის შესახვედრად შვეიცარიაში ნამდვილად მან გამოიყენა.

დადგენილია, რომ სამთავრობო ბორტი თვითმფრინავი ციურიხში გადაფრინდა, მგზავრები დატოვა და იმავე დღეს უკან დაბრუნდა. სამთავრობო ბოინგის ეკიპაჟი, დედაქალაქში 2 იანვრის, გამთენიისას, 3:18 საათზე დაეშვა.

ვინ გადაიხადა კახი კალაძის სამთავრობო თვითმფრინავით ფრენის საფასური?! - 2022 წლის 1 იანვარს, შესრულებული ფრენის საფასური თბილისის მერს რომ გადაეხადა, ეს მონაცემი 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში უნდა ასახულიყო, თუმცა აქ არცერთი სიტყვა არ წერია სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსთვის გადარიცხულ ფულზე. ფაქტია, რომ დედაქალაქის მერმა, 2021 და 2022 წლებში სამთავრობო თვითმფრინავით ფრენის ხარჯები დეკლარაციაში არ ჩაწერა.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, კახი კალაძე სამთავრობო თვითმფრინავით, ახალ წელს მარტო არ წასულა. მასთან ერთად ბორტზე იმყოფებოდნენ მისი მეგობრებიც.

როგორც ჩანს, კალაძის საახალწლო არდადეგები დიდხანს გაგრძელდა -19 იანვარსაც სამთავრობო თვითმფრინავი დილის 11:00 საათზე გასაფრენად მოამზადეს, ბორტმა გეზი პარიზისკენ აიღო და იმავე დღეს თბილისში დაბრუნდა.

2021 წლის 10 აპრილი - ამჯერად სამთავრობო თვითმფრინავი შუადღით დუბაიში მიფრინავს. ბორტი N1 არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 8 ღამე და 9 დღე რჩება.

"შაბათის ეთერს" ინფორმირებული წყარო უყვება, რომ ამ რეისითაც კახი კალაძემ ისარგებლა, ფაქტს მერი "შაბათის ეთერს" უდასტურებს. 

ვინ გადაიხადა ფული?! -  ამ შემთხვევაში მერი ამ კითხვაზე პასუხისას აღარ ამბობს, რომ ფრენის ხარჯები საკუთარი ჯიბიდან დაფარა.

არ აქვს მნიშვნელობა, ფულს კალაძე გადაიხდიდა თუ კალაძის ფრენისთვის ვინმე სხვა. ეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო თბილისის მერის ახალ და გასული წლების დეკლარაციებში ასახული, თუმცა ასეთი ჩანაწერი არცერთ დოკუმენტში არ იძებნება. თბილისის მერიისგან "შაბათის ეთერს" არცერთი დოკუმენტი არ მიუღია, რომელიც დაადასტურებდა, რომ სამთავრობო თვითმფრინავით მოწყობილ არდადეგებში ფული ნამდვილად კალაძემ გადარიცხა.

ეს კიდევ ყველაფერი არ არის - სამთავრობო ფრენების რადარის ჩანაწერებში "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა შემთხვევები, როდესაც თვითმფრინავს განაცხადი ერთ მიმართულებაზე ჰქონდა გაკეთებული, გზაში, კი ბორტზე მყოფი პირების სურვილის მიხედვით, სამთავრობო თვითმფრინავს, მართლაც ტაქსივით გეზს აცვლევინებდნენ და სხვა ქვეყნისკენ ატრიალებდნენ.

2021 წლის 6 ოქტომბერი, თბილისიდან თვითმფრინავი პარიზში გასაფრენად ემზადება. საბუთებში მითითებულია, რომ სრულდება რეისი 92 771 პარიზის მიმართულებით, თუმცა თვითმფრინავი საფრანგეთის დედაქალაქის ნაცვლად, მილანში ეშვება. მეორე დღეს იგივე თვითმფრინავი, უკან, თბილისში მოფრინავს.

სავარაუდოდ, 8 ოქტომბერს ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, სამთავრობო თვითმფრინავს ბათუმი თბილისის რეისების შესასრულებლად იძახებენ, რადგან ტრაგედიის ეპიცენტრში მთავრობაა ჩასაყვანი. რამდენიმე რეისი თბილისსა და ბათუმს შორის სრულდება, თუმცა 10 ოქტომბერს, როდესაც აჭარაში ჯერ კიდევ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს და ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული, სამთავრობო თვითმფრინავს ისევ მილანში აგზავნიან, სავარაუდოდ, საშოპინგოდ წასული მგზავრების ჩამოსაყვანად. 

დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ ღარიბაშვილი მილანში არ წასულა, ის ბათუმში იყო ჩასული. ქვეყნიდან არ გასულა არც საქართველოს პრეზიდენტი. 

სამთავრობო თვითმფრინავი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზეა, თუმცა, დავით სალაღაია, რომელსაც ხალხის ფულით ნაყიდი თვითმფრინავი აბარია "შაბათის ეთერის" კამერის დანახვისთანავე გაიქცა.

სამთავრობო თვითმფრინავს ტაქსად ამუშავებენ - მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები