ექსკლუზივი: რას საქმიანობდა რუსეთში 90 წლებში პრემიერის მამა - იყო თუ არა გატაცებული ტარიელ ღარიბაშვილი

16.09.23 20:54
ექსკლუზივი: რას საქმიანობდა რუსეთში 90 წლებში პრემიერის მამა - იყო თუ არა გატაცებული ტარიელ ღარიბაშვილი

"შაბათის ეთერის" ექსკლუზივი - პრემიერის მამის საქმიანობა 90-იანი წლებიდან დღემდე. საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლმა ტარიელ ღარიბაშვილი ტელევიზიით ამოიცნო,  როდესაც რეპორტაჟი ღარიბი პრემიერის მდიდარი მამის დიდძალ ქონებაზე ნახა.  

გოჩა ბახიას მტკიცებით, მისი და ტარიელ ღარიბაშვილის გზები 90-იანი წლების რუსეთში გადაკვეთა. ამბობს, რომ ამ ისტორიის საჯაროდ მოყოლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სამთავრობო გუნდისგან მოისმინა იმის მტკიცება, რომ პრემიერს უმდიდრესი მამა ჰყავს, რომელსაც შეუძლია, შვილი საზაფხულო არდადეგებზე ნაქირავები სამთავრობო თვითმფრინავით გაუშვას.

ბახიას მონაყოლის თანახმად, 90-იანი წლების მოსკოვში ტარიელ ღარიბაშვილი დედოფლისწყაროდან თამბაქოს გასაყიდად ჩავიდა,  თუმცა პრობლემები შეექმნა, რადგან გაფუჭებული პროდუქცია გაასაღა. მაშინ დავა ჩეჩნურ ჯგუფთან ჰქონდა, რომელმაც ბახიას მტკიცებით, ტარიელ ღარიბაშვილი გაიტაცა და 35 ათას დოლარს სთხოვდა. 

ბახიას "შაბათის ეთერს" ეუბნება, რომ პრემიერის მამისთვის მაშველი რგოლი, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები აღმოჩნდნენ -   ქართველის გატაცების ამბავი გაიგეს და  მისი გამოხსნა  ზვიად გამსახურდიას პირადმა მცველმა ნოდარ მაისურაძემ ითხოვა.  ბახია ჰყვება, რომ ტყვეობიდან გათავისუფლებული ტარიელ ღარიბაშვილი მოსკოვის ოლქში საკუთარი მანქანით ჩაიყვანა.

პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლი, "ტვ პირველს" ეუბნება, რომ ტარიელ ღარიბაშვილი ჩეჩნების ტყვეობიდან   ზვიად გამსახურდიას პირადი მცველის, პირადი ავტორიტეტით გაათავისუფლეს, რომ არა ნოდარ მაისურაძის ჩარევა, ჩეჩნების გადაგდებაში მხილებული პრემიერის მამა, დღეს შეიძლება, ცოცხალი აღარ ყოფილიყო.

ინფორმაციის გადასამოწმებლად, "შაბათის ეთერმა"  ზვიად გამსახურდიას პირად მცველს მიაკითხა. ნოდარ მაისურაძეს კარგად ახსოვს, როგორ დაურეკეს დედოფლისწყაროდან ჩასულმა ქართველებმა, პირველი პრეზიდენტის გავლენიან მცველს და პირველი ნაბიჯების გადადგმაში დახმარება სთხოვეს.

ნოდარ მაისურაძე გოჩა ბახიასგან განსხვავებით, ტარიელ ღარიბაშვილის გატაცების ფაქტს არ ადასტურებს. ამბობს, რომ საქმე მძევლად აყვანამდე არ მისულა, თუმცა კონფლიქტი იყო და მოსკოვში შემთხვევით გაცნობილი ღარიბაშვილის გადასარჩენად პირველი პრეზიდენტის მცველს ჩეჩნებთან დიდი  ჯახიც ჰქონდა.

ნოდარ მაისურაძეს ტარიელ ღარიბაშვილისთვის  განგსტერული მოსკოვის საქმის გარჩევები აღარ შეუხსენებია. წლების შემდეგ იყო ერთი ზარი და ერთი მადლობა სუფრიდან.

კაცი, რომელმაც პირველ პრეზიდენტს ბოლომდე უერთგულა და პირველი პრეზიდენტის ოჯახს პატრონობა, ახლა თბილისში სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი. ერთადერთ მიწის ნაკვეთზეც კი, რომელიც ფაქტიურ მფლობელობაშია სახელმწიფო არ უკანონებს.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში არ იძებნება არანაირი ინფორმაცია, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე მამის მიერ რაიმე სახის ბიზნესი ფლობას ადასტურებს.

"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ტარიელ ღარიბაშვილი წლების განმავლობაში თანამდებობას იკავებდა.  პრემიერ ღარიბაშვილის მამა გახმაურებული საქმეების დროს, მათ შორის 7 ნოემბრის და 26 მაისი  დარბევისას, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას წარმოადგენდა.

პრემიერის მამის პოლიტიკური გემოვნების ცვლილების მიზეზი, პოლიტიკურ  ასპარეზზე ოლიგარქ ივანიშვილის გამოჩენა გახდა. მას შემდეგ ღარიბაშვილებისთვის ბევრი რამე შეიცვალა. მათ შორის ქონების რაოდენობა. დედოფლისწყაროს ერთი რიგით გამგებელი  მილიონერად იქცა.

იყო თუ არა გატაცებული ქვეყნის ყველაზე მდიდარი პენსიონერი - ნახეთ მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები