ღარიბი პრემიერის მდიდარი მამა - აღმოჩენილია ღარიბაშვილების ახალი აგარაკი დედოფლისწყაროში
ღარიბი პრემიერის მდიდარი მამა - "შაბათის ეთერის" ბოლო ჟურნალისტური გამოძიებიდან დღემდე, კიდევ უფრო გამდიდრდა. დედოფლისწყაროში ტარიელ ღარიბაშვილის ქონებას რაღაც ახალი ემატება.
ხორნაბუჯის ვენახებში, ტარიელ ღარიბაშვილის სახელზე რეგისტრირებულ მიწაზე ახლა შატო შენდება. ეს ქონება "შაბათის ეთერის" ობიექტივში აქამდე არ მოხვედრილა. შენობები სულ ახლახან ჩადგეს. მშენებლობა ფაქტობრივად დასრულებულია, ხელოსნები უკვე კოსმეტიკურ რემონტს აკეთებენ.
მდიდრული კომპლექსი 3 ნაგებობისგან შედგება. ამას გარდა, ლითონის კონსტრუქციითაა შემოღობილი 27 ათას 494 კვადრატული მეტრი ტერიტორიაც.
რკინა ბეტონის შენობას, მარნისთვის, მიწისქვეშა სართულიც აქვს გათხრილი. მთელი ფასადი, ქართული აგურით არის მოპირკეთებული, წითელი აგურის კედლები ზურმუხტისფერ მაქმანებიან აივნებს ერწყმის და ამავე ფერის მოაჯირებით სრულდება.
ლამის ერთი ჩარტერის ფასი, ალბათ ეს მუხის დარაბები დაჯდებოდა. სამ მეტრიანი მასიური ხის ხელნაკეთი ტიხრები, სახლის მთელ პერიმეტრზეა და საქეიფო დარბაზსა და ბუხრის ოთახს ერთმანეთისგან ყოფს. ამ ყველაფერს პრემიერის პენსიონერი მამა ახლა აშენებს, იმის პარალელურად რომ, ოფიციალური ინფორმაციით, შვილს მინიმუმ 100 ათასი სამთავრობო თვითმფრინავის ქირაობისთვის გადაუხადა.
ღარიბაშვილების შატოში დიდი ხარჯია გაწეული შიდა ინტერიერზე ფიქრის დროსაც, მთელი ჭერი ძვირფასი ხის პანელებით არის მოპირკეთებული. ინგლისურის სტილის შავი ალუმინის გიგანტური ვიტრაჟებიდან ხედი, პრემიერის ვენახებზე იშლება. ეს მიწებიც პენსიონერ მამას შვილის პრემიერობის პერიოდში აქვს ნაყიდი.
ღარიბაშვილების დაკვეთით, ეზოში უკვე აშენებულია თონე, რომელიც ასევე ზურმუხტისფერ ფანჩატურშია განთავსებული. შატოში ვხედავთ კიდევ ერთ ცალკე მდგომ შენობასაც. ამ ნაგებობაში დამონტაჟებული, რამდენიმე ტონიანი უჟანგავი ცისტერნებით თუ ვიმსჯელებთ, აქ ღვინის და არყის სახდელი იქნება.
ღარიბაშვილების შატოს პრემიერის პენსიონერი მამა კი აშენებს, მაგრამ ამ საქმეში, ადგილობრივ მთავრობასაც საკუთარი წვლილი შეაქვს.
ღარიბაშვილის შატოსკენ მიმავალი ახალი გზა 2 თვის წინ დააგეს. მოაწყვეს ბეტონის სანიაღვრე სისტემებიც, სოფელში ნაგვის ახალთახალი კონტეინერებიც ჩადგეს, როგორც კი ამ სოფელს გასცდები, იქ ისევ ძველი გზებია.
ტარიელ ღარიბაშვილის მამულები ფაქტობრივად ერთადერთია ხორნაბუჯში, რომელიც ღობითაა გარშემორტყმული. მთელს პერიმეტრზე კი მარადმწვანე ხეებია ჩარგული, რომელიც გამვლელებისთვის, შატოს შიდა ხედს სრულად დაფარავს. ამის შემდეგ პრემიერის შატოში მხოლოდ ჩიტი და აეროგადაღების კამერა თუ შეფრინდებიან.
მერლო, რომელიც პრემიერის შატოში ხარობს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი და ძვირადღირებული ჯიშია. მისი მოშენება ადვილი არ არის, თიხიანი მიწა სჭირდება და შესაბამისად მაღალია, ამ ყურძნისგან დამზადებული ღვინის ფასიც.
სიმდიდრეს აქ მხოლოდ ეს შატო ასხივებს, როგორც კი ამ ახლად აშენებულ საზაფხულო რეზიდენციას გაცდებით, აქ ისეთივე გაჭირვებაა, როგორც დანარჩენ საქართველოში.
საიდან პრემიერის მამას ამდენი ფული?
ტარიელ ღარიბაშვილი, ჯამში სამ ჰექტარ მიწას მფლობს - ვაზს, ვაშლს, ქლიავს და ატამს. აქვს წილი ადგილობრივ ღვინის ქარხანაში, რომელიც 200 ათას ლარად იყიდა, თუმცა ამავე ღვინის ქარხნის ინფორმაციით, საწარმო ვალებშია, რაც იმას ნიშნავს რომ მოგებას ჯერ ვერ იღებენ.
რა შემოსავალი შეიძლება მიიღო სამ ჰექტარზე გაშენებული ხილის ბაღებიდან და ყურძნისგან ისეთი, რომ ააშენო შატო სამი შენობით, აჩუქო შვილს 150 ათასი ლარი რომ თავი ირჩინოს, გადაურიცხო 100 ათასი ლარი არდადეგებზე სამთავრობო თვითმფრინავის დასაქირავებლად, შეიძინო მეზობლების სახლები და ეზოები, გაასახლო ისინი, დაანგრიო ძველი ნაგებობები და მათ ნაცვლად თეთრი მარმარილოს სასახლე აიშენო, ჩადგა აუზი სასახლის პირას, კეთილმოწყობილი გიგანტური ეზო, განათებები გაზონებითა და შიდა ბილიკებით, იყიდო "ლექსუსი" და თან თავიც ირჩინო. ამ კომბინაციის ახსნა ღარიბაშვილების მოურავს ბატონ კაკაშასაც კი უჭირს. პრემიერის მამის შემოსავლებს ვერც მისი სანდო კაცი ასაბუთებს.
როდესაც ბატონი კაკაშა მიხვდა რომ ვერც თავად გასცემდა პასუხს კითხვაზე რომელიც მთელ საქართველოს აინტერესებს, თავი დედოფლისწყაროს ბაზრის დუქანს შეაფარა.
აღმოჩენილია ღარიბაშვილების მშენებარე შატო ფრანგულ ვენახებში - ყველა დეტალი მაკა ჩიხლაძის სპეციალურ რეპორტაჟში