საპენსიო სესხები 18 მილიონი ლარით გაიზარდა - სესხი 360 ათას პენსიონერს აქვს აღებული

საქართველოში 360 ათას პენსიონერს და სოციალური შემწეობის მიმღებს საპენსიო სესხი აქვს აღებული - ამის შესახებ "ლიბერთი ბანკის” მიერ ეროვნული ბანკისთვის გადაგზავნილი ანგარიშიდან ირკვევა. ეს სხვადასხვა სოციალური დახმარებების მიმღები მოსახლეობის ⅓-ზე მეტია. მაჩვენებელი მოიცავს როგორც ასაკით პენსიონერთა, ისე სოციალური პენსიების მიმღებთა მაჩვენებელს.
მეორე კვარტალში საპენსიო სესხების მთლიანი პორტფელი 18 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 402 მილიონ ლარს მიაღწია. ეს მთლიანად ლიბერთი ბანკის საკრედიტო პორტფელის 2.6 მილიარდი ლარის 15.5%-ია. ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ერთი საპენსიო სესხის საშუალო ზომა 1,118 ლარია.
მეორე კვარტლის განმავლობაში გაცემული საპენსიო სესხების საშუალო შეწონილი ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 29.7%-ს შეადგენდა. სტატისტიკიდან ასევე ირკვევა, რომ ამ კრედიტების საშუალო ეფექტური განაკვეთი წინა წელთან შედარებით 5.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
2022 წლის მაისში “ლიბერთი ბანკმა” სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და მომდევნო 7 წლით პენსიების გაცემის უფლება მოიპოვა. ამ სერვისში ბანკი სახელმწიფოსგან წელიწადში 15 მილიონ ლარს, ანუ ჯამში 105 მილიონ ლარს მიიღებს.