პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე - საკონსტიტუციოში მომხსენებელი მოსამართლე ევა გოცირიძე იქნება

18.09.23 17:09
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე - საკონსტიტუციოში მომხსენებელი მოსამართლე ევა გოცირიძე იქნება

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში მომხსენებელი მოსამართლე ევა გოცირიძე იქნება. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, იმპიჩმენტის საქმე პლენუმს გადაეცა და პარლამენტს დასკვნა ერთ თვეში გადაეგზავნება.

ევა გოცირიძის სამოსამართლეო გამოცდილება კი ასეთია:

  • საკონსტიტუციო სასამართლოში ევა გოცირიძე 2017 წელს 10-წლიანი ვადით პარლამენტმა აირჩია. არჩევამდე მას სამოსამართლეო გამოცდილება არ ჰქონდა, თუმცა ორი ვადით 2007 წელსა და 2013 წელს მუშაობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად.
  • წლების წინ, 2016 წელს საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის 3 კანდიდატს შორის ევა გოცირიძეც წარადგინა. მისი კანდიდატურა მიუღებელი იყო არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციისთვის, არამედ მაშინდელი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისთვისაც. ევროპულმა სასამართლომ მიწოდებული კანდიდატებიდან მოსამართლედ არავინ დაამტკიცა. 
  • გოცირიძეს დაწერილი აქვს ათეულობით სტატია და გამოცემული აქვს არაერთი წიგნი, მათ შორის ერთი აშშ-ში იმპიჩმენტს შეეხება - "იმპიჩმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონსტიტუციური დილემები".

იმპიჩმენტის საკითხზე, ისევე როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სხვა საკონსტიტუციო დავებზე, გადაწყვეტილება სასამართლოს სრულმა შემადგენლობამ - პლენუმმა უნდა მიიღოს.  საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მიხედვით, "დასკვნა მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არანაკლებ 6 წევრი". პლენუმი 9 მოსამართლისგან შედგება.

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის შემდეგ, თუ მოსამართლეები კონსტიტუციის დარღვევას დაადგენენ, პარლამენტში გაიმართება კენჭისყრა, რომელზეც 100 დეპუტატის ხმაა საჭირო პრეზიდენტის გადასაყენებლად. თუმცა, ამ შემთხვევაში კენჭისყრა ფარული იქნება და ვინ იქნება ან მომხრე ან მოწინააღმდეგე, ეს ინფორმაცია საჯარო არ იქნება.

მსგავსი სიახლეები