კონსტიტუცია რუსული ოცნების ხელში ფარატინა ქაღალდად არის ქცეული - ბოკუჩავა
"კონსტიტუცია რუსული ოცნების ხელში ფარატინა ქაღალდად არის ქცეული," - ასე აფასებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცესს.
როგორც ბოკუჩავა ამბობს, "ქართული ოცნების" მიზანს ქვეყნისთვის ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭების საბოტაჟი წარმოადგენს.
ოპოზიცია ვარაუდობს, რომ "ოცნება" ასე მარტივად არ წააგებს იმპიჩმენტის პროცედურას და არ აპატიებს ზურაბიშვილს ღარიბაშვილის წინააღმდეგ წასვლას.
კონსტიტუცია რუსული ოცნების ხელში ფარატინა ქაღალდად არის ქცეული. "ოცნების" სპეკულაციები არის სრული ბოდვა, რომლისაც თავადაც არ სჯერათ. უბრალოდ ეს ფარსი, რომელსაც სახელად იმპიჩმენტი ჰქვია ამჯერად, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟირებას,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.
იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, მაშინ კენჭისყრა პარლამენტში გაიმართება, სადაც იმპიჩმენტს 100 ხმა სჭირდება. თუმცა, ამ შემთხვევაში კენჭისყრა ფარული იქნება და ვინ იქნება ან მომხრე ან მოწინააღმდეგე, ეს ინფორმაცია საჯარო არ იქნება.