სახელმწიფო გადატრიალების საქმე - ბატურინი სუს-ის მიერ მის წინააღმდეგ ყალბი ჩანაწერის გამოქვეყნებას არ გამორიცხავს
სახელმწიფო გადატრიალება სუს-ის სცენარით - საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი ჩანაწერის ფაბრიკაციას არ გამორიცხავს.
როგორც ბატურინი "დღის ამბებთან" ამბობს, "ოცნების" ხელისუფლებისგან არ არის გამორიცხული, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მის წინააღმდეგ რაიმე სახის ყალბი ჩანაწერი შექმნას და გამოაქვეყნოს.
სინამდვილეში, არ არსებობს ასეთი ჩანაწერი, მაგრამ შეიძლება შექმნან. ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში, ბევრთან ვლაპარაკობ. მგონი, ჩვეულებრივი პროცესია,“ - ამბობს ბატურინი.
ბატურინის შეფასებით, სუს-ის განცხადება სახელმწიფო გადატრიალებაზე და ერთ-ერთ ორგანიზატორად სწორედ მისი სახელის და გვარის დასახელებაზე, „ბოდვაა“.
ეს არის სრული ბოდვა, მაგრამ სასაცილო იქნებოდა სატირალი, რომ არ იყოს, იმიტომ, რომ ეს მაგონებს უკვე ისტორიაში ცნობილ ფაქტებს - როდესაც საბჭოთა კავშირის ენკავედე ე.წ. ტროიკების მეშვეობით ასამართლებდა და ასრულდება რეპრესიებს. ასეთი რეპრესიის მსხვერპლი მე უკვე ვარ, როდესაც შეკერილი საქმით მე ციხეში ვიჯექი, თვითონ ის პირები, ვინც უკანონო დაკავებაში მონაწილეობა მიღეს, თვითონ ამბობენ, რომ ეს იყო უკანონო დაკავება და შეკერილი საქმე.
სუს-ის ბოდვაშიც იგივე მცდელობაა, ცდილობენ რაღაცის შექმნას, რომ ვიღაც ცდილობს გადატრიალებას, მეორე ფრონტის გახსნას. სამწუხაროა, რომ ქართული სპეცსამსახურები დაკავებულები არიან რუსული მესიჯბოქსების გახმაურებით“, - განაცხადა ბატურინმა.