პრეზიდენტი ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს - ზურაბიშვილი "ოცნებას" უმოქმედობაში ადანაშაულებს

საქართველოს პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძე პრაქტიკულად ФСБ-ს აგენტად გამოაცხადა. შტატების შემდეგ დიდი დარტყმა "ოცნებას" პრეზიდენტმა მიაყენა. სალომე ზურაბიშვილი ჯერ ყოფილი პროკურორის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებისგან გაეცნო, შემდეგ კი თქვა - "უბედურებაა, რომ გენერალური პროკურორი ФСБ-ს აგენტი ყოფილა." ზურაბიშვილი გამოძიებას მოითხოვს, "ოცნებას" კი უკონკრეტებს, რომ ეს არის მოთხოვნა და არა თხოვნა.
წესით ცალკე გამოძიების საგანი უნდა გახდეს ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობა. სალომე ზურაბიშვილმა დღეს დაადასტურა TV პირველის "შაბათის ეთერში" მოყვანილი ფაქტები და ფაქტობრივად თქვა, რომ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა უკანონოდ აქვს. მოლოდინი, რომ ზურაბიშვილი ფარცხალაძეზე განცხადებას გააკეთებდა, დღეს გაჩნდა. მასთან შეხვედრიდან გამოსული ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ადასტურებდა, რომ საუბრის ერთ-ერთი თემა სწორედ ყოფილი პროკურორის სანქციები იყო. შვეიცარიიდან დაბრუნებულმა პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დღეს კონსულტაციების ახალი სერია დაიწყო.