მზადდება თუ არა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება? - მტკიცებულებები არ ჩანს

სკანდალების სერია სამთავრობო კარზე და "ქართული ოცნების" გადაფარვის კარგად დავიწყებული ძველი მეთოდი. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, ისევ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დაანონსდა და ისევ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე.
ვინ, სად, როგორ გეგმავს გადატრიალებას - არ ვიცით. გამოდის ,რომ სუსის მაღალჩინოსანს, რომელმაც დღეს ეს ამბავი გვაცნობა, სიტყვაზე უნდა ვენდოთ. ლილუაშვილის უწყებაში დაწერილი სცენარი კი ასე გამოიყურება - კანდიდატის სტატუსზე უარის შემთხვევაში თბილისში კარვების ქალაქი მოეწყობა, სადაც აფეთქებაა დაგეგმილი.
სახელდება ორგანიზატორები კიევიდან, უკრაინის დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე გია ლორთქიფანიძე და ქართველი მებრძოლები მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი.
მათთან ერთად კი სუსმა ახალგაზრდების დისკრედიტაციის ახალი კამპანიაც დაიწყო. მთავარი სამიზნე სტუდენტები არიან. მათ ჯერ პრემიერმა სატანისტები ეძახა, ახლა კი სუსი შემოდგომაზე დაგეგმილი რევოლუციის მზადებაში ადანაშაულებს. არეულობის ერთ-ერთი მთავარ ორგანიზატორად კი ორგანიზაცია კანვას საქართველო გამოაცხადეს.