ვინ მისცა რუსეთის მოქალაქე ფარცხალაძეს ქართული პასპორტი - "ოცნებას" პასუხი არ აქვს და ისევ სააკაშვილზე საუბრობს
პრივილეგიები რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით დასანქცირებულ ყოფილ პროკურორს - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ოთარ ფარცხალაძის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ დღეს მედიისგან გაიგო.
მმართველ პარტიას ყოფილი გენპროკურორის მიერ საქართველო მოქალაქეობის უკანონოდ შენარჩუნებასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხი არ აქვს და ხელს ისევ მესამე პრეზიდენტისკენ იშვერს.
კობახიძის თქმით, იმ პირობებშიც კი, როდესაც მესამე პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქე არ არის, მასზე ქართული სახელმწიფო მაინც ზრუნავს.
სალომე ზურაბიშვილი არის გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო საქართველოს კონსტიტუცია, სადაც წერია, რომ სახელმწიფო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად ადგილსამყოფლისა, განურჩევლად ყველაფრისა. კეთილი ინებონ და ჩაიხედონ ხოლმე საქართველოს კონსტიტუციაში. აქ საუბარი იმაზე კი არ არის ოთარ ფარცხალაძე იქნბეა, ირაკლი კობახიძე იქნება თუ პეტრე და პავლე. მიხეილ სააკაშვილსაც კი ვიცავთ. ვივლით, ვპატრონობთ, ვზრუნავთ მასზე საავადმყოფოში. ასეთი დანაშაულები აქვს კაცს ჩადენილი და მაგაზეც კი ვზრუნავთ. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეც არ არის და მაინც ვზრუნავთ, - ამბობს კობახიძე.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს დაადასტურა, რომ ოთარ ფარცხალაძემ საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტის გვერდის ავლით შეინარჩუნა.