აღმოჩნდება, რომ მინისტრთა კაბინეტის 15 წევრიდან 10 გყავდეს გადაბირებული - ქემოკლიძე კონტრსადაზვერვო ჩავარდნებზე

"ქართულ ოცნებას" კონტრსადაზვერვო საქმიანობა პოლიტიკის დონეზე ჰქონდა ნიველირებული", - ეს განცხადება პარტია "საქართველოს" წევრმა კახა ქემოკლიძემ გააკეთა.
ქემოკლიძის თქმით, მმართველი ხელისუფლება რუსეთთან რბილი პოლიტიკის გატარების გამო, კონტრსადაზვერვო საქმიანობასაც საფუძვლიანად არ ატარებს. ქემოკლიძე არ გამორიცხავს, რომ სუს-ს ფარცხალაძის სპეცსამსახურებთან კომუნიკაციისა თუ რუსული პასპორტის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა შეგნებულად დამალა. ქემოკლიძე არ გამორიცხავს, რომ ინფორმაციის გასაიდუმლოება ივანიშვილის დავალებით მომხდარიყო.
როგორც ქემოკლიძე ამბობს, ფარცხალაძის რუსულ კავშირებზე ინფორმაცია გიორგი გახარიას პრემიერობის დროს არ ჰქონია.
სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ სუს-ში ბევრი წელი გავატარე, არ მიმუშავია კონტრდაზვერვის მიმართულებით. ჩემი აზრით, კონტრსადაზვერვო საქმიანობა, „ქართული ოცნების“ დროს, მათ შორის ჩვენ დროსაც, შეცდომებს ვაღიარებთ, კონტრსადაზვერვო საქმიანობა პოლიტიკის დონეზე ჰქონდა ნიველირებული, მაშინ, როდესაც კონტრსადაზვერვო საქმიანობა განსაკუთრებით იმ ქვეყანაში სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის მესაზღვრეობის ფონზე ძალიან მოწყვლადია უსაფრთხოების თვალსაზრისით, უნდა იყოს პრიორიტეტული მიმართულება.
პრობლემა არსებობდა პოლიტიკურ ნებაში. როდესაც არსებობს პოლიტიკური ნება, იქ არსებობს გამოსავალიც. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ენმ-ის ყოველთვის ედავებოდა, რომ ხისტი მიდგომა გქონდათ და ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას. რუსეთთან ურთიერთობის დალაგება არ ნიშნავს, რომ კონტრსადაზვერვო მიმართულება უნდა გააუქმო. ამას თუ გააკეთებ, ზუსტად იცოდე რომ მოხდება ის, რაც ახლა მოხდა - საბოლოო ჯამში, აღმოჩნდება, რომ მინისტრთა კაბინეტის 15 წევრიდან 10 გყავდეს გადაბირებული ან პირდაპირ ან ირიბად,“ - ამბობს ქემოკლიძე.