თურნავა ასრულებს ივანიშვილის და რუსეთის დავალებას, 5 საათზე ვიკრიბებით ეროვნულ ბანკთან - ხაზარაძე
თურნავა ასრულებს ივანიშვილის და რუსეთის დავალებას - ამის შესახებ "ლელო-საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ხაზარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ეროვნული ბანკი ოთარ ფარცხალაძის, ეფესბეს ჯაშუშის დაცვას ცდილობს.
ოპოზიციონერი ლიდერი ეროვნული საბჭოსგან განმარტებებს ითხოვს, რადგან მისი თქმით გადაწყვეტილებები 24 საათში არ იცვლება და ამას ახსნა სჭირდება.
ხაზარაძე ასევე საუბრობს საფრთხეზეც, რომელიც საბანკო სისტემას შეიძლება საერთაშორისო პარტნიორებმა დაუწესოს, ლაპარაკია სანქციებზე.
ბრიფინგის ბოლოს კი ხაზარაძემ მოქალაქეებს 5 საათზე ეროვნულ ბანკთან შეკრებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას მკაცრი პროტესტი მოჰყვება.
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში არის რუსული პროექტი წლების განმავლობაში და ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს რუსულ პოლიტიკას საქართველოში, იმ ქვეყნის პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს მიტაცებული. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხდება მიზანმიმართულად უკვე წლების განმავლობაში სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება და ერთ-ერთი ყველაზე დამოუკიდებელი წლების განმავლობაში აშენებული რუდუნებით და გამჭვირვალობით და საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული საქართველოს საბანკო სისტემა გუშინ, იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ქალბატონმა თურნავამ მიიღო და ეროვნული ბანკის საბჭომ. ისინი ვერ აიცილებენ ამ პასუხისმგებლობას და ამაზე ცალკე მოგახსენებთ, პრაქტიკულად რუსული პოლიტიკის ეფესბეს ჯაშუშის გაპრავება და თავდაცვა გადაწყვიტეს, გადაწყვიტეს იმისათვის, რომ ხელი დააფარონ იმ დანაშაულებრივ ქმედებას, რომელსაც ფარცხალაძე ეწეოდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ. იგი მოექცა საერთაშორისო და შეერთებული შტატების სანქციებში და შესაბამისად მან უნდა აგოს პასუხი საქართველოს კანონის წინაშე, რომლის შესახებაც ჩვენ არ მოგვისმენია არანაირი კონკრეტული განმარტება.
ქალბატონი თურნავა თავისი გადაწყვეტილებით პრაქტიკულად ასრულებს ბიძინა ივანიშვილის და შესაბამისად რუსეთის დავალებას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი ინსტიტუტის ნგრევის პროცესისთვის. ეს არის ძალიან დიდი ზიანი და ძალიან დიდი საფრთხე იმისათვის, რომ მომავალში ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა საბანკო სისტემას დაუწესონ სერიოზული სანქციები. მე ვისურვებდი, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს საბანკო სისტემას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სანქციებს არ დაუწესებენ, მაგრამ საშიშროება გააჩინა სწორედ ამ გადაწყვეტილებამ.
მე მოვითხოვ და ჩვენი პარტია მოითხოვს, რომ ეროვნული ბანკის საბჭო გამოვიდეს და განმარტება გააკეთოს, თუ რა პირობებში იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რა ზემოქმედება იქნა მოხდენილი, როცა 2 დღის განმავლობაში ჯერ ერთი მიღებული გადაწყვეტილებაა სანქციასთან შეერთებასთან, უკვე 24 საათში მის გაუქმებასთან დაკავშირებით. 24 საათში ასეთი გადაწყვეტილებები არ იცვლება. ჩვენ გვაინტერესებს დეტალები და ამ დეტალების განმარტება უნდა მოახდინოს ეროვნულმა საბჭომ, აქვე მე მინდა ასევე გითხრათ, რომ დღეს 5 საათზე ვიკრიბებით ეროვნულ ბანკთან, რათა ძალიან მკაცრი პროტესტი გამოვხატოთ, იმ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დამოუკიდებელ ინსტიტუციას მიაყენეს ამ გადაწყვეტილებით".
დღეს არ არის იმის დრო, ვინ სად დგას, ვინ ვისთან დგას და ა.შ. სურათი არის ნათელი - არის პრორუსული ძალა საქართველოში რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მიათრევს ჩვენს ქვეყანას რუსეთისკენ ბელარუსისკენ, ჩრდ კორეისკენ და უნდათ, რომ ამ მდგომარეობაში ამყოფონ ჩვენი ქვეყანა, და არის მეორე ძალა, უმეტესობა, უმრავლესობა, რომელსაც უნდა ცივილური, თავისუფალი სამყაროს ნაწილი იყოს", -განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.