კულტურა საბჭოთა პერიოდშიც კი ვერ დაიქვემდებარეს და თქვენ გინდათ რომ დაიქვემდებაროთ - ახვლედიანი წულუკიანს

20.09.23 16:46
კულტურა საბჭოთა პერიოდშიც კი ვერ დაიქვემდებარეს და თქვენ გინდათ რომ დაიქვემდებაროთ - ახვლედიანი წულუკიანს

დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტში, “მინისტრის საათის“ ფორმატში მისულ კულტურისა და სპორტის მინისტრს კულტურის დაქვემდებარებაში დასდო ბრალი და უთხრა, რომ ეს არ გამოუვა, რადგან მისი დრო პოლიტიკაში ამოიწურა.

„კულტურა საბჭოთა პერიოდშიც კი ვერ დაიქვემდებარეს და თქვენ გინდათ რომ დაიქვემდებაროთ - ამის მცდელობა გაქვთ კინოცენტრში, სხვაგან და სხვაგან - არ გამოგივათ! თქვენი დრო პოლიტიკაში ნამდვილად ამოიწურა! 

ქალბატონო მინისტრო, დაგავიწყდათ, რა იყო ამოცანა 2012 წელს? ამოცანა იყო ერთადერთი, რომ საქართველო დემოკრატიული განვითარების გზაზე დამდგარიყო, კულტურა პარტიულ პოლიტიკური მარწუხებისგან გათავისუფლებულიყო. თქვენ თქვენს მთავრობასთან ერთად რა გააკეთეთ?! - ამ მარწუხებში დატოვეთ! გისმენდით და თქვენგან ვიღებდი დასტურს იმის თაობაზე, რომ არაფრის ხელიდან გაშვებას არ აპირებთ! თქვენ ამ ეტაპზე, სხვადასხვა მიზეზის გამო, პოლიტიკურმა ოპოზიციამ შეიძლება ვერ გაჯობოთ, მაგრამ გონიერი ადამიანი ბრძანდებით და მგონი ხვდებით, რომ ქართველი ხალხი უეჭველი გაჯობებთ - დიდი კულტურის ქართველმა ხალხმა ავტორიტარულ მმართველობებს ყოველ ჯერზე აჯობა!“, - განაცხადა ახვლედიანმა.

მსგავსი სიახლეები