ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას, თურნავა უნდა გადადგეს - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი ნათია თურნავას გადადგომას ითხოვს - სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ აუცილებელია, სებ-ის ერთპიროვნული გადაწყვეტილება ბათილად გამოცხადდეს.
როგორც სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, თურნავას ერთპიროვნული გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადება ეროვნული ბანკის საბჭოს კოლექტიური გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი.
„ეს შესაძლებელია 3 ვიცე-პრეზიდენტის გადადგომის მიუხედავად, რადგან მათ ორი თვის მანძილზე კიდევ გააჩნიათ ვადა, რათა მათი უფლებამოსილება გაგრძელდეს. გადადგომის ვადა არის 2 თვის შემდეგ. საბჭო სრულად ფუნქციონირებს და შეუძლია ყველანაირი გადაწყვეტილება მიიღოს. ეს არის ის ნაბიჯები, რაც სასწრაფოდ გადასადგმელია, რათა უფრო სერიოზული რეპუტაციული ზიანი არ მიადგეს ქვეყანას. ასევე საერთაშორისო რეაქციები, რაც არის მოსალოდნელი“,-განაცხადა პრეზიდენტმა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრიფინგის შემდეგ, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებმა არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ განაცხადეს, რომ თანამდებობებს ტოვებდნენ. თანამდებობა დატოვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემაც. საქართველოს ეროვნული ბანკს კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს წევრი, ნიკოლოზ გაგუაც ტოვებს.