ეს არის სრული ლუსტრაცია, რომ ეს ხელისუფლება ემსახურება რუსეთს და არა ქართველ ხალხს, კოსმეტიკურ შელამაზებასაც კი აღარ ცდილობენ - ხაზარაძე
"ეს არის სრული ლუსტრაცია, რომ ეს ხელისუფლება ემსახურება რუსეთს და არა ქართველ ხალხს. კოსმეტიკურ შელამაზებასაც კი აღარ ცდილობენ" - საქართველოს ეროვნული ბანკის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას "ლელო-საქართველოსთვის" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე შეუერთდა.
მისი თქმით, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილება იმის ლუსტრაციაა, თუ როგორ ემსახურება "ადამიანების ძალიან დიდი ჯგუფი ოკუპანტის ინტერესებს".
"ქალბატონ თურნავას მოვუწოდებ გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილება და გადადგეს თანამდებობიდან" - თქვა მან.
პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ვიცე-პრეზიდენტებს და თანაშემწეს, რომელიც გადადგა. ეს არის ღირსეული საქმე.
ნათლად გამოჩნდა, რომ ქალბატონი თურნავას გადაწყვეტილება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვიდა კომერციული ბანკების გადაწყვეტილებასთან.
კომერციულმა ბანკებმა დააფიქსირეს, რომ ისინი გააგრძელებენ საერთაშორისო სტანდარტის დაცვას იმ სანქციების, რომელზეც ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი ოფიციალურად. სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ ერთ რამეზე, რომ დღეს რაც პრეზიდენტმა თქვა, რომ ის ნანობს ქალბატონი თურნავას დანიშვნას, რა თქმა უნდა სანანებელია და მოვუწოდებ ქალბატონ თურნავას, რომ უახლოეს წუთებში გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილება და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი და საბანკო სექტორი ეს არის ის ინდუსტრია, რომელშიც ინახება ჩვენი პენსიონერების, ოჯახების და ყველა დანაზოგი და მთელი ეკონომიკის, რაც უფრო გაიწელება მისი გადადგომა იმ ფონზე, როცა 4 ვიცე-პრეზიდენტი ბანკს არ ჰყავს, ეს ნიშნავს, რომ უფუნქციო დგება, სასწრაფოდ არის ახლა საჭირო მენეჯმენტის თავიდან დაკომპლექტება, ამიტომ, რაც უფრო გაიწელება ის პირდაპირ საქმეს შექმნის ჩვენი მოსახლეობის ანაბრებს", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.