"ქართუ" არ ამბობს, რას იზამს ფარცხალაძესთან დაკავშირებით - რა წერია ივანიშვილის ბანკის განცხადებაში
ვიმოქმედებთ კანონმდებლობისა და საერთაშორისო შეზღუდვების შესაბამისად - ამის შესახებ "ბანკი ქართუს" განცხადებაშია ნათქვამი, თუმცა ბანკი არ აკონკრეტებს, რომელი წესს გამოიყენებს ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, თუ ამის საჭიროება გაჩნდება.
ბანკი ასევე მტკნარ სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ფარცხალაძემ სანქციების გამოქვეყნების შემდეგ ქართუში საბანკო ოპერაციები განახორციელა.
"კლიენტების მომსახურებისას სს „ბანკი ქართუ“ იცავდა და მომავალშიც შეასრულებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, საერთაშორისო საბანკო შეზღუდვებს და ბანკის შიდა პოლიტიკებით გათვალისწინებულ წესებს.
ამასთან, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პირების მხრიდან ვრცელდება უპასუხისმგებლო განცხადებები, თითქოს აშშ-ს სანქციების გამოქვეყნების შემდეგ ო. ფარცხალაძის მიერ ბანკ ქართუში განხორციელდა საბანკო ოპერაციები, რაც წარმოადგენს მტკნარ სიცრუეს და არ შეესაბამება სიმართლეს. ეს უპასუხისმგებლო განცხადებები მიზნად ისახავს ბანკი ქართუს დისკრედიტაციას და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგ მცდელობას. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებს შეუძლიათ ბანკ ქართუში მარტივად გადაამოწმონ ამ განცხადებების სიცრუე"- ნათქვამია ბანკის განცხადებაში.