პროტესტი რუსი აგენტების წინააღმდეგ - ქვეყანაში პროტესტმა იფეთქა
საქართველოში პროტესტმა იფეთქა - დღეს ქვეყანაში აქციების მთელი ტალღა აზვირთდა. აქცია ეროვნულ ბანკთან, აქცია რუსთაველზე, აქცია პარლამენტთან. მტერი სახელმწიფოსა და მათი აგენტების წინააღმდეგ ხალხი გაჩუმებას აღარ აპირებს.
ხალხი ხუთი დღე ელოდა, რა ნაბიჯებს გადადგამდა ხელისუფლება რუსეთის აგენტობაში მხილებული ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცის წინააღმდეგ, როდესაც ოლიგარქის პარტიამ მთელი სახელმწიფოს მანქანა აამუშავა, პასუხად ქუჩის აქციები მიიღო.
საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის გაშიფრული აგენტის დასაცავად დღეს ხელისუფლება ეროვნული ბანკის ჩამოშლაზეც კი წავიდა. ასეთი ისტორიას არ ახსოვს. ქვეყნის მთავარ საფინანსო ინსტიტუტში რღვევა დაიწყო. ეროვნული ბანკის ყველა ვიცე - პრეზიდენტმა პოსტი დემარშით დატოვა. ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის შეფის გადადგომა მოითხოვა. შედეგი სახეზეა. ლარი გაუფასურდა, ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები ეცემა და ეს ყველაფერი ეხება ყველას, ხვალ ეს შედეგი თითოეული მოქალაქის ჯიბეზე აისახება. ღარიბ ქვეყანაში, მდიდარი მთავრობის გადაწყვეტილებები ხალხისთვის მძიმე განაჩენის ტოლფასია.
აგენტ ფარცხალაძის დასაცავად ოლიგარქის პარტია დღეს პარლამენტში ხელჩართულ ჩხუბზე წავიდა. ვინც ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ რამეს ამბობდა გინებით და მუშტებით ასუნებინებდნენ. პასუხმაც არ დააყოვნა. მასშტაბური პროტესტის ეპიცენტრი ამ წუთებში რუსთაველის გამზირია. ეს ის გამონაკლისია როცა პარლამენტის შენობასთან ყველა დასავლური ოპოზიციური პარტიის ლიდერი ერთად დგას. ფიქრობენ, რომ ახლა სწორედ ერთიანობაა საჭირო და არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელ პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოადგენს. მათთან ერთად არიან მოქალაქეები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ეროვნული ბანკისა და ოცნების საშიში გადაწყვეტილება ქვეყანას ანგრევს.