ეროვნული ბანკი ჩამოშლილია - ნათია თურნავა მოადგილეების გარეშე დარჩა
"გადადგეს ნათია თურნავა და ეროვნულ ბანკზე კონტროლი საბჭომ აიღოს"- საქართველოს პრეზიდენტი ნათია თურნავას ქმედებას "უღირს" საქციელს უწოდებს.
ეროვნული ბანკი ჩამოშლილია - საბჭოს წევრები უწყებას ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ. ეს არის პროტესტი თურნავას გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ოთარ ფარცხალაძეს ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტი გადააყოლა. სამმა ვიცე პრეზიდენტმა და თურნავას მრჩეველმა თანამდებობები დატოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი პარალიზებულია.
კრიზისის ნიშნები უკვე სახეზეა - ეროვნული ვალუტა ბოლო 24 საათია უფასურდება. ქართული ბანკების აქციები კი ლონდონის ბირჟაზე სწრაფი ტემპით ეცემა.
თურნავა მოადგილეების გარეშე დარჩა, კომერციულმა ბანკებმა კი დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. ივანიშვილის "ქართუს" გარდა ყველა მოქმედი ბანკი ამერიკული სანქციების დაცვას გეგმავს. ჯერ კიდევ გუშინ ოთარ ფარცხალაძის ქართული ანგარიშები ღია იყო. პირველებმა ექსპერიმენტი ჩაატარა, რითაც დადასტურდა, რომ ყოფილი გენ პროკურორის ანგარიშებზე ტრანზაქციები თავისუფლად ხორციელდებოდა. დღეს დილიდან ეს ანგარიშები აღარ იძებნება. წყობიდან გამოსული თურნავა კომერციულ ბანკებს თითს უქნევს და ეუბნება, რომ მისი მოთხოვნები უნდა შეასრულონ.