პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად თეიმურაზ ხომერიკის და ნანა ყეინიშვილის წარდგენაზე უარს აცხადებს
პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად თეიმურაზ ხომერიკის და ნანა ყეინიშვილის წარდგენაზე უარს აცხადებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და საფინანსო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი არ წარუდგენს პარლამენტს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მანამ, სანამ ეროვნული ბანკის გარშემო შექმნილი ვითარება არ გაირკვევა.
სანამ ნათია თურნავას ბრძანება არ გაუქმდება, კანდიდატების წარდგენა მიზანშეუწონლად მიაჩნიათ - მიაჩნიათ ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში.
ბოლო 2 დღის განმავლობაში ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, პრეზიდენტს არ მიაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში, როცა არ არის ნათელი, ეროვნული ბანკი ქართველ ხალხს, თუ კონკრეტულ პირებს ემსახურება, ამ ვითარებაში წარმოადგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატები, შესაბამისად, კანდიდატებიც არ არიან კომიტეტზე წარმოდგენილი. აღნიშნულ ვითარებაში, სანამ არ გაირკვევა ეროვნული ბანკის გარშემო სიტუაცია, ჩვენ უარს ვაცხადებთ კანდიდატურების წარმოდგენაზე"- განაცხადა მსხილაძემ.
საფინანსო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომის დასრულების შემდეგ კანდიდატებს კენჭი უყარეს თუმცა არც ნანა ყეინიშვილსა და არც თეიმურაზ ხომერიკს მომხრეები არ აღმოაჩნდნენ. არცერთი მათგანი კომიტეტის სხდომას არ დაესწრნენ.
მას შემდეგ რაც, ნათია თურნავამ აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ფინანსურ ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა, ეროვნული ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ დატოვეს. ეროვნული ბანკი დატოვა პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემაც.