პრეზიდენტის ადმინისტრაციას კანონი არ ესმის - ზარქუა

21.09.23 11:35
პრეზიდენტის ადმინისტრაციას კანონი არ ესმის -  ზარქუა

დაპირისპირების ახალი ტალღა პრეზიდენტსა და "ქართულ ოცნებას" შორის - მას შემდეგ, რაც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა პირდაპირ თქვა, რომ პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების წარმოდგენაზე უარს აცხადებს, ზურაბიშვილი და მისი ადმინისტრაცია მმართველი პოლიტიკური ძალის თავდასხმის ობიექტი გახდა. 

"პრეზიდენტის ადმინისტრაციას კანონი არ ესმის და ვერ ერკვევა მის სიღრმეებში" - თქვა დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ სიტყვით გამოსვლისას. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციას კანონი არ ესმის და ვერ ერკვევა მის სიღრმეებში იმიტომ, რომ წარმოდგენილია კანდიდატურები და ახლა უკან გაწვევის მექანიზმი არ არსებობს. პრეზიდენტმა ისევ თავისი ურჩობით წარმოადგინა ორი კანდიდატი, რომელიც არ იყო კონსულტაციის შედეგად შერჩეული და თქვენ აპრიორი იცით, რომ პარლამენტის, კომიტეტის უმრავლესობა ხმას არ დაუჭერდა და რომ არ შერცხვეთ ახლა უკან გაწვევის მექანიზმები აამუშავეს", - ამბობს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები ვერ აირჩია. კომიტეტის სხდომაზე, სადაც ზურაბიშვილის შერჩეულ კანდიდატურებზე უნდა ემსჯელათ თავად კანდიდატები არ მივიდნენ, თუმცა მათ წარდგენაზე უარი პრეზიდენტმა თქვა. უკვე მეორე დღეა ეროვნული ბანკის საბჭო უმოქმედოა. შემადგენლობაში ორი წევრია დარჩენილი. ნათია თურნავას კი მოადგილეები აღარ ჰყავს.

მსგავსი სიახლეები