ეს არის სადო-მაზო ურთიერთობა, თეა ხან ეფერება, ხან ამათრახებს - ციკოლია წულუკიანზე
"თეა ხან ეფერება, ხან ამათრახებს, ეს არის სადო-მაზო ურთიერთობა" - ასე ეხმაურება რეჟისორი პაატა ციკოლია კულტურის სამინისტროს მიერ წარმართულ რეპრესიების მორიგ ტალღას.
საუბარია, კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის დაანონსებულ სადამსჯელო ღონისძიებაზე, რომელმაც საპარლამენტო ტრიბუნიდან კონსერვატორიაში "რეფორმები" დაანონსა.
წულუკიანის შურისძიების მიზეზი სავარაუდოდ კონსერვატორიის დარბაზში გაკეთებული ჩანაწერი გახდა: "ხელოვნება დამოუკიდებელი და აპოლიტიკურია"- დაწერეს სახელმწიფო კონსერვატორიის დარბაზში.
თეა წულუკიანი არის ბოდვაში, მის გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ასევე არაადეკვატურები არიან, არიან ძალადობის მსხვერპლი. თეა ხან ეფერება მათ და ხან ამათრახებს. ეს არის რაღაც სადომაზო ურთიერთობა. ერთი მუჭა ხალხი მოუღებს ამას ბოლოს ყველაფერს. კულტურა და მეცნიერება სწორედ ასეთია, რომ ერთი მუჭა ხალხით კეთდება, ოღონდ ამ ერთი მუჭა ხალხის საქმეს გადამდები ბუნება აქვს. წულუკიანი არ არის ჩვენი ტოლი და სწორი, მას ჩვენთან ლაპარაკის უნარი არ გააჩნია, ვერცერთთან თანასწორად ვერ ილაპარაკებს, არ ეყოფა არც ნირი, არც განათლება, არც ნიჭი, არც სულიერება, არც პატიოსნება - აღნიშნა პაატა ციკოლიამ.