ჩხუბი პარლამენტში - ერთმანეთს მდინარაძე და სამნიძე დაუპირისპირდნენ
საქართველოს პარლამენტში კვლავ ხმაური და დაძაბულობაა - დღევანდელ სხდომაზე, როგორც კი ოპოზიციონერი დეპუტატები სებ-ისა და ოთარ ფარცხალაძის საკითხს ახსენებდნენ, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს მიკროფონებს უთიშავდა. სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება სხდომათა დარბაზში და საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩხუბი ხათუნა სამნიძესა და მამუკა მდინარაძეს შორის თითქმის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამის შემდეგ ოპოზიციონერი დეპუტატები მანდატურის სამსახურმა დარბაზიდან გააძევა.
სამნიძე სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლებას ადანაშაულებდა, რომ მთელი მმართველი გუნდი ფარცხალაძეს გადაეფარა, სწორედ ამ დროს გაუთიშა მას პაპუაშვილმა მიკროფონი.
ნებისმიერი საკითხი, რომელიც აქ იხილება პარლამენტში, თუნდაც მესამე მოსმენის და რედაქციული ხასიათის მოსმენის დროს, ეხება ამ ქვეყნის მომავალს და ამ ქვეყნის მომავალს პირდაპირ უკავშირდება ის, რაც ჩაიდინეთ გუშინ. სამინისტროს წარმომადგენელი საუბრობს და გვესაუბრება საკითხზე, როცა ქვეყანაში უსაფრთხოების სამსახურიც კი აღარ მუშაობს და დასანქცირებულ ადამიანს გადაეფარა უსაფრთხოება 10 დღე და მერე უხარია მოქალაქე აღარ არისო. - ხათუნა სამნიძე.