ბოლომდე მოვითხოვ, რომ ეს ადამიანები დაისაჯონ იმ არაადამიანობის გამო, რისი უფლებაც მისცეს საკუთარ თავს - გაფრინდაშვილი
თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - "ნოდარ მელაძის შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხნენ.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, საგამოძიებო უწყებას სასამართლოსთვის განჩინების მოთხოვნით არ მიუმართავს. განჩინება კი საჭიროა ტელევიზიის საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული მიკროფონის დასაბრუნებლად, რადგან ერთ-ერთ მოძალადეს ამ დრომდე აქვს მითვისებული "ტვ პირველის" საკუთრებაში არსებული მიკროფონი.
საგამოძიებო უწყებას მე მივაწოდე ინფორმაცია, პრინციპში, მათ კადრები ნანახი ჰქონდათ, სადაც პირდაპირ დანაშაულია ასახული და დამნაშავეებიც იდენტიფიცირებული არიან და ისინი ჩანან.
საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ აკეთებენ ყველაფერს, მაგრამ მე ველოდები, როდის მიმართავენ სასამართლოს განჩინების ასაღებად, რომ ჩატარდეს ამ ერთ-ერთი ზონდერის ჩხრეკა, რომელმაც მე წამართვა ძვირადღირებული, არხის კუთვნილი მიკროფონი და დააბრუნონ.
ბოლომდე მოვითხოვ, რომ ეს ადამიანები დაისაჯონ იმ არაადამიანობის გამო, რისი უფლებაც მისცეს საკუთარ თავს,“ - განაცხადა მარიამ გაფრინდაშვილმა.
სანქცირებული ფარცხალაძის დაცვის წევრები "შაბათის ეთერს" გამომძიებელ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მარიამ გაფრინდაშვილს და გიორგი შეწირულს, რუსეთის აგენტობაში მხილებული ფარცხალაძის დაცვამ აპარატურა და პირადი ნივთები წაართვა, შემდეგ კი მუშაობაში ხელს უშლიდნენ.